ჩინეთი, გაყიდვები, ბიემვი, ირანი
Aa
Aa

BMW-ის აქციების ფასი მკვეთრად დავარდა | მიზეზი ირანი და ჩინეთია

ოთხშაბათის სავაჭრო სესიის მიმდინარეობისას საფონდო ბირჟაზე გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის აქციების ფასი მკვეთრად დავარდა და უკანასკნელი ხუთი წლის მინიმუმს მიაღწია. აქციების ღირებულების კლება BMW-ის მიერ 2026 წლის მოგების შემცირებული პროგნოზებით იყო განპირობებული. დაბალი პროგნოზები კი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსა და ჩინეთში მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.

აქციების ფასების ვარდნამდე BMW-მ განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების დადებითი მაჩვენებლები ვერ აკომპენსირებს ჩინეთსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირებულ კლებას“. გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ირანში ომით გამოწვეული მაღალი ენერგოფასები ხარჯების ზრდაში გამოიხატება და, ამავდროულად, უარყოფითად მოქმედებს მომხმარებელთა განწყობაზეც.

ავტომწარმოებლის გაფრთხილებითვე, ჯგუფი ახლა მოგების (გადასახადებამდე) მნიშვნელოვან კლებას პროგნოზირებს. ცნობისთვის, BMW-ის აქციების ფასი ბოლოს 6.5%-ით დავარდა. Deutsche-ს ანალიტიკოსების შეფასებით, BMW-ის განცხადებებმა მათ კომპანიის მომავალზე ბევრი კითხვა დაუტოვა. Citi-ს ანალიტიკოსების პროგნოზით კი, წლის ბოლომდე ჩინეთში BMW-ის ავტომობილების გაყიდვები 500 000 ერთეულზე დაბლა ჩამოვა.

„პოზიტიური სცენარის არარსებობის, წლიური მოგების შემცირების ტენდენციის, ინდუსტრიის სტრუქტურული კრიზისისა და ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების ფონზე, მიგვაჩნია, რომ BMW-ის აქციების ფასი შედარებით დაბალ ნიშნულზე კიდევ დიდხანს შენარჩუნდება“, — აცხადებენ Citi-ს ანალიტიკოსები.

თუმცა BMW არ არის ერთადერთი ევროპული ავტომწარმოებელი, რომელიც შექმნილი გეოპოლიტიკური პროცესების გამო მსგავსი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. პრობლემები აქვთ სხვა გერმანულ გიგანტებსაც, მათ შორის Volkswagen-სა და Mercedes-Benz-ს. Volkswagen-ის მიერ ჯერ კიდევ აპრილში დაფიქსირებული მოსალოდნელზე დაბალი შედეგების მიზეზად აშშ-ის მიერ გაზრდილი ტარიფები და ჩინურ კომპანიებთან გაზრდილი კონკურენცია დასახელდა.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ფაქტია, ჩინეთი სწრაფად აფართოებს ელექტრომობილების (EV) ბაზარს ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, აზიასა და ავსტრალიაში — ეს კი ევროპული გიგანტებისთვის ბოლო წლებია დიდ თავისტკივილადაა ქცეული. ჩინელების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ბაზრისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ალტერნატივების შეთავაზებაა. ევროპაში ხარჯების შემცირებისა და რეგულაციებისთვის თავის არიდების მიზნით კი მათი ნაწილი რეგიონში უკვე ქარხნებსაც აშენებს ან უკვე არსებულ ობიექტებს ქირაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები