კიმი ანტონელი F1-ის ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა
გასულ შაბათ-კვირას შანხაის საერთაშორისო ავტოდრომმა ფორმულა 1-ის ჩინეთის გრანპრის უმასპინძლა — რბოლა ტრადიციულად დაძაბული გამოვიდა და რამდენიმე საინტერესო შედეგიც დაფიქსირდა.
გრანპრის უდიდესი ნაწილი Mercedes-ის ახალგაზრდა იტალიელმა პილოტმა, კიმი ანტონელიმ პირველ პოზიციაზე გაატარა და პოდიუმზეც შესაბამისი ადგილი დაიკავა — შედეგად, ანტონელი F1-ის ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა — 19 წლისა და 202 დღის. ის ზუსტად 1 წლით ჩამორჩა მაქს ფერსტაპენს, რომელიც პირველი გრანპრის მოგების დროისთვის 18 წლისა და 202 დღის იყო. 
„სიტყვებს ვერ ვპოულობ... შეიძლება, ახლა ვიტირო. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, ისინი დამეხმარნენ ამ ოცნების ასრულებაში. ეს დასაწყისია, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჯორჯი შესანიშნავი მძღოლია, ყველა ასპექტში ძალიან ძლიერი, ამიტომ მის დასამარცხებლად ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო“, — განაცხადა კიმიმ, რომელიც გრანპრის მომგები პირველი იტალიელი პილოტია 2006 წლის შემდეგ, მაშინ კი ეს ჯანკარლო ფიზიკელამ გააკეთა.
ანტონელის თანაგუნდელი ჯორჯ რასელი მე-2 პოზიციაზე გავიდა, თუმცა ეს მარტივი ბრძოლა სულაც არ ყოფილა. რბოლის პირველი ნახევრის განმავლობაში, ფერარის პილოტებმა მას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, რითაც ყველაზე მეტად კიმიმ ისარგებლა და კომფორტული, დაახლოებით, 7-წამიანი უპირატესობა მოიპოვა.
ცალკე ხსენების ღირსია შარლ ლეკლერისა და ლუის ჰამილტონის დაპირისპირებაც — Ferrari-ს პილოტები არაერთ მომენტში კონტაქტთან ძალიან ახლოს მივიდნენ, ბოლოს კი მონაკოელი პილოტის შეცდომით 7-გზის ჩემპიონმა ისარგებლა და მე-3 ადგილს დაეპატრონა.
გრანპრი საინტერესო იყო იმითაც, რომ McLaren-ი მას, ტექნიკური პრობლემების გამო, დაწყებამდე ჩაეხსნა — შესაბამისად, ტრასაზე მოქმედი ჩემპიონი საერთოდ არ გვყავდა. 
სეზონის ამ ეტაპზე სუსტად გამოიყურებიან Red Bull-ები — მაქს ფერსტაპენმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო, რადგან მისმა ბოლიდმა ფინიშამდე 10 წრით ადრე, მოულოდნელად, სიმძლავრე დაკარგა. მოულოდნელი იყო Haas-ისა და Alpine-ის პილოტების შედეგიც — ოლი ბერმანმა მე-5, პიერ გასლიმ კი მე-6 პოზიცია დაიკავა.
ჯერ სეზონის დასრულებამდე ძალიან შორია, თუმცა საჩემპიონო რბოლის ხუთეული ასე გამოიყურება:
| მრბოლელი | ქულა |
| ჯორჯ რასელი (Mercedes) | 51 |
| კიმი ანტონელი (Mercedes) | 47 |
| შარლ ლეკლერი (Ferrari) | 34 |
| ლუის ჰამილტონი (Ferrari) | 33 |
| ოლივერ ბერმანი (Haas) | 17 |