სავარძლის გადაკეცვამ აშშ-ში 2 წლის ბავშვი იმსხვერპლა | Hyundai ახალ Palisade-ს უკან გაიწვევს
ოჰაიოს შტატში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ Hyundai-ს აიძულა, რომ თავისი დიდი, სამრიგიანი SUV-ის ზოგი ვერსიის გაყიდვა გაურკვეველი ვადით შეეწყვიტა. სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა გაყიდვიდან 2026 წლის Palisade Limited და Palisade Calligraphy ამოიღო აშშ-სა და კანადაში, სანამ მათი მე-3 რიგის ელექტრო სავარძლების პრობლემა გამოკვლეული და აღმოფხვრილი არ იქნება. ოფიციალური უკან გაწვევა უახლოეს ხანებში გამოცხადდება.
Hyundai-ს განცხადებით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ იქცევა Palisade-ის ელექტრო სავარძლების სისტემა, როცა მას რამე ხელს უშლის. გარკვეულ სიტუაციებში მე-2 და მე-3 რიგის სავარძლები მგზავრებს სათანადოდ არ იცავენ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ კონტაქტი სავარძლის ელექტრული გადაკეცვის მოქმედების დროს ხდება. 
დეტალები უბედური შემთხვევის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა მედიის განცხადებით, 7 მარტს მე-2 რიგის სავარძელში მჯდომი 2 წლის ბავშვი მოულოდნელად გადაკეცილმა სავარძელმა იმსხვერპლა — სისტემამ წინაღობა არ აღიქვა და სავარძლის გადაკეცვა გააგრძელა. განცხადებაში კორეული ბრენდი ბავშვის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
Hyundai 2026 წლის Palisade-ის მფლობელებს მოუწოდებს, უკან გაწვევის გაოფიციალურებამდე და პრობლემის აღმოფხვრამდე არ გამოიყენონ სავარძლების ციფრული ფუნქციები, თუ მე-2 და მე-3 რიგის სავარძლებზე მგზავრი ზის ან ნივთი დევს. 
სავარაუდოდ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მასშტაბური უკან გაწვევა დასჭირდება. თუ მხოლოდ ჩამოთვლილ ორ კომპლექტაციას გაიწვევენ, ეს 68 500 ავტომობილს შეეხება, რომელთაგანაც აშშ-ში 60 000-ზე მეტი მოძრაობს. ცხადია, შეკეთების ხარჯებს სრულად კომპანია დაფარავს.
სანამ ინჟინრები გაწვევის ფარგლებში სრული შეკეთების გეგმებზე მუშაობენ, Hyundai მარტის ბოლოსთვის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას გეგმავს. ეს განახლება სისტემის რეაქციას გააუმჯობესებს იმ დროს, თუ სავარძელი მოძრაობისას წინაღობას გადაეყრება. 