Porsche-ს ახალი აღმასრულებელი 911-ზე უკეთესი ჰიპერქარის შექმნას გეგმავს
Porsche-ს აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ლიტერსი, რომელიც თანამდებობაზე 2026 წლის პირველ იანვარს დაინიშნა, კომპანიას სათავეში ამბიციური გეგმებით ჩაუდგა. ლიტერსს 911-ზე უფრო მაღალი დონის ფლაგმანი ჰიპერქარის შექმნა სურს, რაც, იდეაში, Porsche-ს ბევრად ფართო ძალისხმევის ნაწილია — დაუბრუნდეს „ჰალო-ქარებს“ (Halo Cars) და მოგება მნიშვნელოვნად გაზარდოს.

საინტერესოა, რომ თუ ლიტერსი გეგმას სისრულეში მოიყვანს, ეს 918 Spyder-ის შემდეგ Porsche-ს პირველი რეალური ჰიპერქარი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის წარმოება გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2015 წელს შეწყვიტა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი ავტომობილი Mission X-ის კონცეფციაზე იქნება დაფუძნებული, თუმცა მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლოა, Porsche სრულად ელექტრომობილიდან ჰიბრიდული სისტემის მქონე ან, თუნდაც, შიგაწვის ძრავის მქონე ვერსიაზე გადავიდეს.

მიუხედავად მოლოდინისა, პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის გუნდი ჰიპერქარის განხორციელების საკითხს მხოლოდ განიხილავს. თუმცა, როგორც დასავლური გამოცემები ამტკიცებენ, ყველაფერი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ Porsche-ს თავისი 918-ის მემკვიდრის გამოშვება თითქმის გადაწყვეტილი აქვს.
Mission X-ის სერიული ვერსია სპორტქარების იერარქიაში 911-ზე მაღლა იდგება. თუმცა ელექტროსუპერქარი — რომ არაფერი ვთქვათ ჰიპერქარზე — თუ მოთხოვნის არსებულ დინამიკას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იყოს საუკეთესო იდეა. საინტერესოა მატე რიმაცის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ მაღალი კლასის ავტომობილების მყიდველებს ელექტრომობილების შეძენას კვლავ შიგაწვის ძრავის მქონე მოდელები ურჩევნიათ.

დამტკიცების შემთხვევაშიც, Porsche-ს ახალი ჰიპერქარი, სავარაუდოდ, 2020-იანი წლების ბოლომდე არ გამოჩნდება. როგორც Motor1-თან ინტერვიუში Porsche-ს წარმომადგენელმა განაცხადა, კომპანია ახალი ჰიპერმანქანის შექმნას განიხილავს და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, ეს მოდელი GT-იც კი იყოს:
„ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი არ შეგვიძლია, რადგან Porsche-ს მომავალი პორტფელი ჯერ განხილვის ეტაპზეა. რაც შეგვიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მძღოლებისთვის ნამდვილი Porsche-ს დნმ-ის მქონე სპორტქარების შეთავაზებას.
ისეთი ფლაგმანური პროექტები, როგორიცაა Porsche 959, Carrera GT ან 918 Spyder, ჩვენი დნმ-ის ნაწილია. ჩვენ განვაგრძობთ ინვესტიციებს მაღალი ხარისხის სპორტქარებში და ამის ერთ-ერთი მაგალითი ახლად წარდგენილი 911 Turbo S-ია, 711 ცხენის ძალით“.

ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Porsche ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. გასულ წელს გაყიდვები წლიურ ჭრილში 10%-ით, 279 449 ერთეულამდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ ჩინეთის ბაზარზე არსებული 26%-იანი კლებით იყო გამოწვეული. კომპანიამ ევროპაში ზარალის შესახებაც განაცხადა, რაც 2024 წლის შუა პერიოდში კიბერუსაფრთხოების რეგულაციების შეუსრულებლობის გამო, ბენზინზე მომუშავე Macan-ის წარმოების შეწყვეტასთანაა დაკავშირებული. იმავე მიზეზით, კონტინენტზე არც 718 Boxster-ი და Cayman-ი გამოჩენილან.