შიგაწვის ძრავა, შიგაწვის ძრავა, ელექტრომობილები, ტესლა, ბივაიდი, კონფლიქტი ირანში
Aa
Aa

თებერვალში ევროპაში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 23%-ით შემცირდა

ევროკავშირის ტერიტორიაზე ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება და თანდათან შიგაწვისძრავიანი ავტომობილების პირველობასაც უქმნის საფრთხეს. ირანში მიმდინარე კონფლიქტისა და ნავთობის ფასის ზრდამ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. მიუხედავად ამისა, ბაზარი ჯერ მაინც არასტაბილურია — ევროკავშირში, EFTA-სა და გაერთიანებულ სამეფოში ერთად ახალი ავტომობილების რიცხვი თებერვალში სულ 1.7%-ით გაიზარდა და 979 321 შეადგინა. 

მონაცემებიდან ვიგებთ, რომ იანვარსა და თებერვალში ელექტრომობილებმა ახალი ავტომობილების ბაზრის 18.8% დაიკავეს — გასულ წელს ეს მაჩვენებელი 15.2%-ზე იყო. სულ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში 312 369 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, ზრდაზე კი განსაკუთრებით საფრანგეთმა (38.5%-იანი ზრდა) და გერმანიამ (26.3%-იანი ზრდა) იმოქმედეს. 

ელექტრომობილების სეგმენტის ამ წარმატებას ხელს უწყობდა ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი მოდელების გაჩენა და ეროვნულ დონეზე მიღებული შეღავათები. მიუხედავად ამისა, ზოგ ევროპულ ქვეყანაში (ნიდერლანდები და ბელგია) EV მოთხოვნა მაინც საგრძნობლად დავარდა.

მრავალთვიანი წარუმატებლობის შემდეგ, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა რეგიონში Tesla-ს გაყიდვებიც, თუმცა ეს BYD-სთვის გადასასწრებად საკმარისი არ აღმოჩნდა — ჩინურმა ბრენდმა გასულ წელზე 2-ჯერ მეტი მანქანის გაყიდვა შეძლო. 

ყველაზე პოპულარულ ძალურ აგრეგატად ევროპის ტერიტორიაზე მაინც ჰიბრიდი რჩება — ასეთ ავტომობილებს ბაზრის 38.7 პროცენტი უჭირავთ. მხოლოდ თებერვალში, სრულად ელექტრომობილებმა, დამუხტვადმა ჰიბრიდებმა და ტრადიციულმა ჰიბრიდებმა ახალი ავტომობილების ბაზრის 67% დაიკავეს (გასულ წელს ეს რიცხვი 58.5% იყო). 

საპირისპიროდ, 23.3%-ით დაეცა მოთხოვნა სრულად შიგაწვისძრავიან მანქანებზე. საფრანგეთში თებერვალში 2025 წლის თებერვალთან შედარებით ასეთი მანქანა 48.5%-ით ნაკლებმა მძღოლმა იყიდა. ორნიშნაა ვარდნა გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაშიც. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები