Maserati Biturbo — როცა იტალიელები BMW-ს უიმედოდ შეერკინნენ
ავტომოყვარულების უმრავლესობისათვის Maserati იშვიათი გამოშვების, შეზღუდული რაოდენობის მდიდრულ სუპერქარებთან ასოცირდება — იტალიურ კლასიკასთან, რომელიც არ ბერდება და მუდამ ელეგანტურია. ეს კომპანიის არსებობის ისტორიაში, ძირითადად, მართლაც ასე იყო, თუმცა 1970-იანი წლების ბოლოს დაიბადა გიჟური იდეა, რომელმაც ვერ გაამართლა, თუმცა ცდად, ალბათ, ღირდა...
მართლაც 1970-იანების მიწურულს, კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ დროებით უნდა შეეწყვიტათ ისეთი მანქანების შექმნა, რომელიც ავტომოყვარულებს მოსწონდათ, მაგრამ ვერ ყიდულობდნენ და შეექმნათ მოდელი, რომელიც მასობრივი წარმოების, მომგებიანი მანქანა იქნებოდა.
შედეგად, იტალიური კომპანია ევროპული საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტებს შეეჭიდა, განსაკუთრებით კი BMW-ს, თუმცა ეს იმთავითვე განწირული ბრძოლა იყო — Maserati შევიდა ტერიტორიაზე, სადაც ბავარიელები მეფობდნენ და იქ ლეგენდარული მე-3 სერიის უშუალო კონკურენტი წარადგინა. 1981 წელს იტალიურმა ბრენდმა საავტომობილო სამყაროს Biturbo აჩუქა — კუთხოვანი დიზაინის, საკმაოდ სიმპათიური და ტექნოლოგიურად განვითარებული სედანი, რომელსაც ისტორიაში პირველი ორტურბინიანი ძრავა ჰქონდა... ეს მართლაც დიდებული სტარტი იყო, თუმცა გაგრძელება ასეთი არ გამოვიდა.

როგორც ჩანს, როცა ბრენდი, რომელსაც ათიათასობით ავტომობილი არასდროს უწარმოებია, მოულოდნელად BMW-ს ეჯახება, ხარისხი რაოდენობას წინ ვერ უსწრებს... არადა როგორც ამბობენ, პირველი მეორეზე უპირატესია... მართლაც, მალევე მძღოლებმა წუწუნი დაიწყეს — კარბურატორიან ძრავას პრობლემები არ ელეოდა, ცეცხლზე ნავთს კი ჟანგვისკენ მიდრეკილი კორპუსი და ელექტროობის პრობლემები ასხამდნენ. 
ავტოინდუსტრიის რევიზიონისტი ისტორიკოსები გეტყვიან, რომ Biturbo-მ მაზერატი გადაარჩინა — შეიტანა კომპანიაში საკმარისი ფული, რათა 1990-იან წლებში Fiat-ის გამოჩენამდე გაკოტრება თავიდან აერიდებინათ. შესაძლოა, ეს მართალიცაა, თუმცა ნუ დაივიწყებთ ფაქტს, რომ ბრენდს ბევრად უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო, მოდელის გამართვაზე ოდნავ მეტი დრო რომ დაეხარჯა...
საბედნიეროდ, Maserati-ში გაკვეთილი მიიღეს და გადაწყვიტეს, რომ მასობრივი წარმოების გიგანტებს, განსაკუთრებით კი გერმანელებს აღარ შეეჭიდებიან...