Hyundai ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 36 ახალი მოდელის შეყვანას აპირებს
Hyundai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე მუნიოსმა, კომპანიის ყოველწლიურ საერთო კრებაზე ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის ზრდის დაჩქარებული სტრატეგია წარადგინა. გეგმის მიხედვით, 2026-დან 2030 წლამდე პერიოდში კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში კომპანია 36 სრულად ახალ ან „მნიშვნელოვნად განახლებულ“ ავტომობილს გამოუშვებს.
მრავალფეროვანი არჩევანი
მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელს ბევრი დეტალი არ გაუმჟღავნებია, დადასტურდა, რომ პორტფოლიო მოიცავს როგორც მსუბუქ ავტომობილებს, პიკაპებსა და ქროსოვერებს, ისე კომერციულ ტრანსპორტს. CEO-ს განცხადებით, მოსალოდნელია „ძირითადი მოდელებისა და გაფართოებული კომპლექტაციების“ ნაზავი, ისევე როგორც ახალი XRT (უგზოობაზე ორიენტირებული) და N (სპორტული) ვარიანტები.
ტაქტიკური უკან დახევა
მიუხედავად იმისა, რომ Hyundai-მ დიდწილად ელექტრომობილებზე დადო ფსონი, კომპანია მხოლოდ მათზე არ ფოკუსირდება. პირიქით, ბრენდი მომხმარებელს ძრავების „ფართო ნაზავს“ ჰპირდება, რაც მოიცავს:
-
ბენზინისა და ჰიბრიდულ აგრეგატებს;
-
სრულად ელექტრო მოდელებს;
-
Range-extended (E-REV) ელექტრომობილებს.
ეს სვლა მიზნად ისახავს რეგიონში მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ელექტრომობილების მოსალოდნელზე ნელი ტემპით პოპულარიზაციაზე პასუხია.
„ჩრდილოეთ ამერიკაში პროდუქციის პორტფოლიოს გაფართოებითა და ძრავების ფართო არჩევანით, ჩვენ მომხმარებელს მეტ თავისუფლებას ვაძლევთ,“ — განაცხადა მუნიოსმა.
ადგილობრივი წარმოება და სტრატეგიული პარტნიორობა
Hyundai-ს მიზანია, 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ავტომობილების 80%-ზე მეტი ადგილზევე იყოს აწყობილი. ასევე, იგეგმება ამერიკული წარმოების დეტალების წილის გაზრდა 60%-დან 80%-მდე.
კომპანია დეტალებს მალავს, თუმცა „პაპარაცულმა“ ფოტოებმა უკვე გამოააშკარავა რამდენიმე მომავალი მოდელი, მათ შორის განახლებული Tucson-ი და Elantra. მუშაობა მიმდინარეობს Santa Fe-ს რესტაილინგზეც, ხოლო Santa Cruz-ს, სავარაუდოდ, უფრო დიდი ზომის პიკაპი ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია Hyundai-სა და General Motors-ის თანამშრომლობაც: სამხრეთკორეული და ამერიკული გიგანტები ერთობლივად ხუთ ახალ ავტომობილს ავითარებენ, მათ შორის სრულად ელექტრო კომერციულ ფურგონს ექსკლუზიურად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის.