ავტოსპორტი, აუქციონი, კენ ბლოკი, ფორდი, ფორდ ესკორტი, სპორტქარი, ჯიმქანა
Aa
Aa

კენ ბლოკის საკულტო Ford Escort-ი აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს

აუქციონზე Gymkhana-ს ერთ-ერთი უიშვიათესი ავტომობილი გამოჩნდა, რომელიც თავად ლეგენდარული კენ ბლოკისთვის შეიქმნა. ეს მანქანა ნებისმიერი კოლექციონერისთვის ნამდვილი განძია — მასში ავტოსპორტის ისტორია და საინჟინრო სრულყოფილება ერთიანდება. თუ ეძებთ ადრენალინს ან უბრალოდ გსურთ (და, ცხადია, გაქვთ), თანხა საიმედოდ დააბანდოთ, ეს 1978 წლის Ford Escort-ი საუკეთესო კანდიდატია.

რალის გარდაცვლილმა ლეგენდამ ეს მოდელი 2008 წელს შეიძინა, რის შემდეგაც კომპანია Quick Motorsport-მა იგი Gymkhana Grid-ის შეჯიბრებებისთვის თავიდან ბოლომდე გადააკეთა. შესაბამისად, დღეს ამ კომპაქტურ მანქანას სტანდარტულ Escort-თან ძალიან ცოტა რამ აკავშირებს.


ტუნინგის ფარგლებში, ავტომობილის ძარა სრულად გადამუშავდა და აღიჭურვა Rocket Bunny-ს ტუნინგ-პაკეტით, რომელიც მოიცავს გაფართოებულ თაღებს, უკანა სპოილერსა და ნახშირბადის ბოჭკოს საჰაერო ჭრილს სახურავზე. გვერდითა მინები პოლიკარბონატით ჩანაცვლდა, ავტომობილი მქრქალ შავ ფერში შეიღება, კაპოტზე კი აშშ-ის დროშაა გამოსახული.

ამ "მხეცის" კაპოტის ქვეშ Millington Diamond-ის 2.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავა იმალება. ძრავას აქვს 16 სარქველი და დამოუკიდებელი დროსელები, Cosworth-ის მართვის ბლოკი და გამოიმუშავებს 333 ცხ.ძ-სა და 334 ნიუტონს.

ბლოკის სხვა მრავალი ავტომობილისგან განსხვავებით, ეს Escort უკანა ამძრავია. სიმძლავრე უკანა თვლებს Sadev-ის 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. ავტომობილი საოცრად მსუბუქია და სულ რაღაც 906კგ-ს იწონის. მას ასევე აქვს WRC-ის სტილის რეგულირებადი დაკიდების სისტემა და სპეციალური დამცავი ფილები ძირზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, სალონიდან ყველაფერი ზედმეტი ამოღებულია. შიგნით მხოლოდ Recaro-ს სარბოლო სავარძლები, ახალი პანელი და Sparco-ს საჭე დაგხვდებათ. ავტომობილის საკოლექციო ღირებულებას კარის პანელზე კენ ბლოკის ავტოგრაფი კიდევ უფრო ზრდის.

თუ გსურთ ამ განსაკუთრებული Ford Escort-ის მფლობელი გახდეთ, იჩქარეთ და გადახედეთ Bring a Trailer-ის განცხადებას, სანამ დრო ჯერ კიდევ არის.

მსგავსი სიახლეები