სუპერქარი, ვი 8, ლოლა ქარსი
Aa
Aa

იხილეთ Lola-ს ახალი სუპერქარი, რომელიც Miata-ზე მსუბუქია

თანამედროვე ავტომობილები სულ უფრო დიდი, მძიმე და ტექნოლოგიებით გადატვირთული ხდება, რის გამოც, მართვის ტრადიციული, სასიამოვნო გამოცდილება დღითიდღე იშვიათდება. ბრიტანულმა კომპანია Lola Cars-მა, რომელსაც საავტომობილო სამყარო 1960-იანი წლებიდან იცნობს, გადაწყვიტა ამ ტენდენციისთვის საკუთარი ანტიდოტი შეექმნა. 2024 წელს ფორმულა E-ში დასაბრუნებლად გაცოცხლებული ბრენდი ახლა შეზღუდული გამოშვების სუპერქარზე მუშაობს, რომელიც ლეგენდარული T70-ით არის შთაგონებული.

ახალი მოდელი ორ ვერსიად იქნება ხელმისაწვდომი: საგზაო (GT) და მხოლოდ სარბოლო ტრასისთვის განკუთვნილი (T70S). საგზაო ვერსია, T70S GT 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიმძლავრე უკანა თვლებს ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. შედეგად, ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას სულ რაღაც 2.9 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ს შეადგენს.

რაც შეეხება სარბოლო ვერსიას, მას 5-ლიტრიანი Chevrolet V8 ძრავა აქვს, რომელიც 530 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდელი კიდევ უფრო სწრაფია და მას 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება სულ 2.5 წამში შეუძლია. მიუხედავად ამისა, Lola-ს მთავარი სიამაყე არათუ სისწრაფე, არამედ სუპერქარის ინოვაციური კონსტრუქციაა. ავტომობილები აგებულია სპეციალურ შასიზე, რომელიც მცენარეული და ბაზალტის ბოჭკოებისგან, ასევე შაქრის ლერწმისგან მიღებული ფისისგან შედგება. ეს ტექნოლოგია ნახშირბადის ბოჭკოს იდენტურ სიმტკიცესა და სიმსუბუქეს იძლევა ნავთობპროდუქტების გამოყენების გარეშე.

სწორედ ამ „ბუნებრივი კომპოზიტური სისტემის“ წყალობით, საგზაო მოდელი მხოლოდ 890 კილოგრამს იწონის, სარბოლო ვერსია კი კიდევ უფრო მსუბუქია — სულ რაღაც 860 კგ. ავტომობილების სალონი მაქსიმალურად სადა და ასკეტურია, ყოველგვარი ზედმეტი კომფორტის გარეშე, რათა მძღოლმა თავი ნამდვილ სარბოლო ბოლიდში იგრძნოს. Lola Cars-ს ჯერჯერობით ფასი არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ სულ ასეთი 16 ერთეული დამზადდება, რაც მათ მყისიერად აქცევს კოლექციონერების სამიზნედ.

მსგავსი სიახლეები