ამერიკული ავტომწარმოებლები „დაკავშირებული“ ჩინური ავტომობილების სრულ აკრძალვას ითხოვენ
აშშ-ის ავტოინდუსტრიის გიგანტები ვაშინგტონზე ზეწოლას აძლიერებენ. წამყვანმა ავტომწარმოებლებმა ამერიკის კონგრესს ოფიციალური წერილით მიმართეს და ჩინური წარმოების ავტომობილების, მათი პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური კომპონენტების გაყიდვის, იმპორტისა და წარმოების სრული, საკანონმდებლო აკრძალვა მოითხოვეს.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ავტომწარმოებელთა უმსხვილესმა ალიანსმა (Alliance for Automotive Innovation), რომელიც აშშ-ში მოქმედ თითქმის ყველა გიგანტს წარმოადგენს, თეთრ სახლსა და კონგრესის ლიდერებს მოუწოდა, შესაბამისი კანონი მიმდინარე სესიის დასრულებამდე მიიღონ. ალიანსის გენერალური დირექტორის განცხადებით, ჩინური ავტოგიგანტები აგრესიულ ექსპანსიას ეწევიან, რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხესაც ქმნის.
„ახლა ჩინელი ავტომწარმოებლები მთელ მსოფლიოში ყიდიან სუბსიდირებულ ავტომობილებს, რომლებიც აღჭურვილია ინტერნეტთან დაკავშირებული პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფით. ჩინეთი იპყრობს ბაზრის წილებს ევროპაში, ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში ავტომობილებით, რომლებსაც შეუძლიათ სენსიტიური მომხმარებლისა და ტრანსპორტის მონაცემების შეგროვება და ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის გადაცემა“
თანამედროვე ავტომობილების უმრავლესობა აღჭურვილია მუდმივი ინტერნეტკავშირით, GPS ნავიგაციით, კამერებით, სენსორებითა და მულტიმედიური სისტემებით. ამერიკელი კანონმდებლებისა და ექსპერტების შეფასებით, ჩინური პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა გამოყენებული იქნას აშშ-ის ინფრასტრუქტურასა და მოქალაქეებზე თვალთვალისთვის, პერსონალური მონაცემების მასობრივი შეგროვებისთვის და კრიტიკულ სიტუაციაში ავტომობილების დისტანციური ბლოკირების ან მართვის ხელში ჩაგდებისთვის.

მართალია, ამჟამად ჩინური ავტომობილები აშშ-ის ბაზრიდან პრაქტიკულად დისტანცირებული არიან მაღალი საბაჟო ტარიფებისა და სავაჭრო დეპარტამენტის დროებითი შეზღუდვების გამო, თუმცა ადგილობრივ ავტომწარმოებლებს ეშინიათ, რომ ჩინური ბრენდები ამერიკის ბაზარზე შეღწევას მექსიკისა და კანადის გავლით შეეცდებიან.
აშშ-ის სენატში უკვე განხილვის პროცესშია ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უჭერენ მხარს. ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ეს ინიციატივა საბოლოო კანონად რაც შეიძლება სწრაფად იქცეს.