Toyota Hilux-ის ექსტრემალური დაშვება | პიკაპმა კემპერიც ჩაიყოლა
ავსტრალიაში 2024 წლის, მოდიფიცირებული Toyota Hilux-ის მძღოლმა ერთ-ერთი ყველაზე რთული ოფროუდ-დაბრკოლების გადალახვა სცადა. უგზოობისთვის განკუთვნილი ავტომობილისთვის ამოცანის შესრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებდა — ერთი ის, რომ ავტომობილს კემპინგისთვის განკუთვნილი მისაბმელი ჰქონდა მიმაგრებული, მეორეც კი ის, რომ წინ Hilux-ს თითქმის ვერტიკალური, ტალახიანი დაღმართი ელოდა.
სხვადასხვა ტიპის უგზოობისთვის მოდიფიცირებული Toyota Hilux-ი კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე მდებარე Gunshot Creek-ის მონაკვეთს დაეშვა. ეს Old Telegraph Track-ის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში დაბრკოლება გახლავთ.
ამ ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ, რომ Toyota Hilux-ის მფლობელი, დენი, აქტიური ოფროუდ-ენთუზიასტია. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ ეს რთული მონაკვეთი თავისი მოდიფიცირებული Hilux-ით გაევლო და თან მანქანის უკანა ნაწილზე კემპერ-მისაბმელი მიემაგრებინა.
Hilux-ს უგზოობაზე უკეთესი შესაძლებლობებისთვის ფოლადის ბამპერი, დამცავი მილებით გაფართოებული ფრთები, დიდი ზომის დისკები, ტალახისთვის განკუთვნილი საბურავები და აწეული საკიდარი აქვს. ხოლო მოდიფიცირებისას, ავტომობილის 2.8-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავი უცვლელი დარჩა.
ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება Hilux-ი ტალახით დაფარული დაღმართის კიდეს და პირდაპირ ქვემოთ ეშვება. მკვეთრი დახრის მიუხედავად, პიკაპი მოჭიდებას ინარჩუნებს და სტაბილურობას არ კარგავს. არანაკლებ საინტერესოა, რომ მისაბმელიც Hilux-ის მსგავსად მოქმედებს და არც გადაბრუნების რისკი აქვს.
საბოლოოდ, ავტომობილი დაბრკოლებას კონტროლირებადი დაშვებით გადის. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უგზოობაში არა მხოლოდ ავტომობილის ტექნიკური შესაძლებლობები, არამედ მძღოლის გამოცდილება და მართვის ტექნიკა. დენმა, თავისი გამოცდილების მიუხედავად, აღიარა, რომ ეს რეგიონი გამოცდილი მძღოლებისგანაც მუდმივ სიფრთხილეს მოითხოვს.
ამ შემთხვევაში კი, მოდიფიცირებული Hilux-ის შესაძლებლობებმა და მძღოლის გამოცდილებამ შედეგი გამოიღო. ავტომობილმა კი, საჭესთან გამოცდილი მძღოლით, ექსტრემალური დაღმართის უსაფრთხოდ დაძლევა შესაძლებელი გახადა.