Camaro ბრუნდება: General Motors-მა მეშვიდე თაობის წარმოებას „მწვანე შუქი“ აუნთო
Camaro ბრუნდება... როგორც საავტომობილო ინდუსტრიის რამდენიმე წყარო დასავლურ გამოცემებთან ადასტურებს, General Motors-მა მეშვიდე თაობის Camaro-ს წარმოებას „მწვანე შუქი“ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებით ფორმაში რაიმეს თქმა ჯერ ადრეა, როგორც წყაროები ირწმუნებიან, ახალი მოდელი წარმოებაში 2027 წლის ბოლოს უნდა ჩაეშვას, ხოლო გაყიდვაში, სავარაუდოდ, 2028 წელს ვიხილავთ.

გავრცელებული ცნობებით, მეშვიდე თაობის Camaro განახლებულ, უკანაწამყვან Alpha-ს პლატფორმაზე დაფუძნდება. პლატფორმის უახლესი, Alpha 2 ვერსია აშშ-ში გაყიდულ Cadillac CT4 და CT5 სედანებში გამოიყენება, რომლებიც V8 და ტვინტურბო V6 ძრავების ფართო არჩევანს გვთავაზობენ — მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და უკანა წამყვანი სისტემით. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ ფაქტზე — General Motors-ის მიერ ტრადიციულ performance (შესრულებაზე ორიენტირებულ) ავტომობილებთან დაბრუნებაზე მიგვანიშნებს.
ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც ავტომწარმოებელმა 2024 წელს, გაყიდვების კლების მიზეზით, Camaro-ს წარმოების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. შედეგად, ნახევარსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც 1967 წელს დაიწყო, დასრულდა. მაგრამ, თუ შიდა წყაროებს დავუჯერებთ, კომპანიამ აზრი შეიცვალა და მოდელს, შედარებით შეცვლილი სახით, მაინც დააბრუნებს.

არსებული ინფორმაცია შიგაწვის ძრავის შენარჩუნებაზეც კი მიუთითებს. რამდენიმე წყარო იმასაც წერს, რომ Camaro-ში, შესაძლოა, V8 ძრავა ვიხილოთ სრულად ელექტროსისტემის ნაცვლად, რაც ენთუზიასტებისთვის დიდი გამარჯვება იქნება. თუმცა, GM-ს ოფიციალურად არაფერი დაუდასტურებია და ინსაიდერები თავშეკავებისკენაც მოგვიწოდებენ, რადგან შესაძლოა ახალი Camaro სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც ბევრი მოელის.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს Camaro-ს დაბრუნება საკმაოდ რეალურია, მთავარი კითხვაა, დარჩება თუ არა ეს მოდელი „მასლ-ქარის“ ფესვების ერთგული. წყაროთა ნაწილის თქმით, Chevrolet Camaro-ს 2028 წლისთვის განკუთვნილი მოდელი ბენზინის ძრავითა და უკანა წამყვანი სისტემით იქნება წარმოდგენილი, თუმცა აქტიურად იწერება, რომ ახალი ვერსია, შესაძლოა, ოთხკარიანი სედანი იყოს და არა ნაცნობი, ორკარიანი კუპე.