აშშ, უგზოობა, ხანძარი, ფლორიდა, ჯიპი, ჯიპ ვრანგლერი, ოფროუდი
Aa
Aa

ტალახში გაჭედილმა Jeep Wrangler-მა 8 ჰექტარი ტყის მასივი იმსხვერპლა

ფლორიდაში, ოკალას ეროვნულ პარკში, ამ კვირაში მომხდარ მასშტაბურ ხანძარს, რომელმაც 8 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი იმსხვერპლა, ერთი შეხედვით უცნაური მიზეზი აქვს — ტალახში გაჭედილი Jeep Wrangler-ის გადახურებული გამოსაბოლქვი სისტემა.

როგორც ირკვევა, ყველგანმავალის მძღოლი მაღალ, გამხმარ ბალახში გაიჭედა. ფოტოებზე, რომლებსაც ადგილობრივი სამაშველო სამსახურები ავრცელებენ, ჩანს, რომ ხანძარმა ავტომობილი ფაქტობრივად ფერფლად აქცია — ცეცხლი ძალიან სწრაფად მოედო ირგვლივ არსებულ ბუნებასაც. მძღოლის ვინაობა უცნობია, თუმცა მთავარია, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ფლორიდა საკმაოდ „ნოტიო“ შტატია, ამიტომ აქ ბალახს ცეცხლი ასე ადვილად ნამდვილად არ უჩნდება. პასუხი მარტივია — როდესაც მძღოლი ტალახში „ბუქსაობს“, ძრავზე დატვირთვა მაქსიმალურია, სიჩქარე კი — მინიმალური. ამ დროს გამოსაბოლქვი სისტემა, შესაძლოა, ძალიან გაცხელდეს და ბალახის აალებას დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება...  შესაძლოა, ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ჩანდეს, თუმცა არაფერი მოხდებოდა, Jeep-ის მძღოლს სიფრთხილის ზომები რომ დაეცვა. კერძოდ, ცხადია, საუკეთესო ვარიანტი მარშრუტის უფრო ჭკვიანურად უნდა შერჩევა იქნებოდა, მაგრამ თუ მაინც აღმოჩნდებით მსგავს „ხაფანგში“, უნდა იცოდეთ: მაღალ ბალახში გაჩენილ ხანძარს ჩვეულებრივი ცეცხლმაქრით ვერ დაამარცხებთ — ის წამებში ვრცელდება.


თუ მაღალ ბალახში ან ბუჩქნარში გაიჭედებით, რაც შეიძლება მალე გამოასუფთავეთ მანქანის ქვეშ არსებული სივრცე. მოაშორეთ იქიდან ყველაფერი, რაც შეიძლება აალდეს, ხოლო თუ ცეცხლი მაინც გაჩნდება, ნუ ეცდებით გმირობას, სასწრაფოდ დატოვეთ ავტომობილი. ბოლოს კი, რაც ყველაზე მთავარია — ასეთი თავგადასავლებისას, სასურველია თან გამართული, სრულფასოვანი ABC კლასის ცეცხლმაქრი მიგქონდეთ.

ნამდვილად დასანანია განადგურებული ბუნებისა და ავტომობილის ნახვა, თუმცა იმედია, ეს შემთხვევა სხვებისთვის კარგი გაკვეთილი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები