საწვავის ფასების მატების ფონზე, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 51%-ით გაიზარდა
გასულ თვეში, კონტინენტურ ევროპაში, ელექტრომობილების გაყიდვები დაახლოებით 51%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან და მათი გავლენით საწვავის — ბენზინისა და დიზელის — ფასების მატებასთან. უახლესი მონაცემებით, მარტში ევროპის მასშტაბით 224 000 ახალი EV დარეგისტრირდა, ხოლო წლის პირველ სამ თვეში — 500 000, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5%-ით მეტია.
New Automotive-ისა და E-Mobility Europe-ის ანგარიშით, რომელიც 15 ქვეყნიდან მიღებულ გაყიდვების მონაცემებს მოიცავს, ელექტრომობილზე ყველაზე მეტი მძღოლი ნორვეგიაში გადავიდა. კერძოდ, ნორვეგიაში მარტში გაყიდული ახალი ავტომობილების 98% ელექტრომობილი იყო, შემდეგ მოდის დანია 76%-ით და ფინეთი — თითქმის 50%-ით.

ელექტრომობილების მიმართ ევროპელი მყიდველების ინტერესი თებერვლის ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციასთან ერთად გაიზარდა. მომხმარებლებს EV-ებზე გადასვლისკენ შექმნილმა ენერგოკრიზისმა და შედეგად გამოწვეულმა საწვავზე ფასების ზრდამ უბიძგა.
ალბათ გასაკვირი არცაა, რომ ელექტრიფიკაციის მიმართულებით ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნებს შორის ლიდერები სკანდინავიური ქვეყნები არიან — ნორვეგიის წინამძღოლობით. ამ ქვეყნების წარმატებას ხელი მაღალმა შემოსავლებმა, გულუხვმა სუბსიდიებმა და, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, გამართულმა ინფრასტრუქტურამ შეუწყო.

თუმცა შესამჩნევი ზრდა გვაქვს ევროპის სხვა ქვეყნებშიც — მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში. იტალიასა და პოლონეთში წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების გამოყენების საშუალოდ 40%-იანი ზრდა მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ იტალიამ, რომელიც ევროკავშირში EV-ებზე გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე ნელი ტემპით გამოირჩევა, მარტში ელექტრომობილების რეგისტრაციის 65%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამის მიუხედავად, ბაზრის საერთო წილი კვლავ საკმაოდ დაბალია — საერთო გაყიდვების მხოლოდ 8.6%, საფრანგეთში კი ეს მაჩვენებელი 28%-ია.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
აქვე საინტერესოა, რომ საფრანგეთში ელექტრომობილების რეგისტრაციის წლიურად 50%-ით ზრდას ხელი გულუხვმა წამახალისებელმა პროგრამებმაც შეუწყო. მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის 5 700 ევრომდე შეღავათი დააწესა, საშუალო შემოსავლის მქონე მყიდველებისთვის კი — 4 700 ევრომდე.
ასევე შეიქმნა სოციალური ლიზინგის სქემა იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალი ერთ ადამიანზე 16 300 ევროზე ნაკლებია და რომლებსაც სამსახურში მისასვლელად მინიმუმ 15 კმ-ის გავლა უწევთ.