Honda-მ Civic-ი 63 დღის განმავლობაში გაუჩერებლად ამუშავა | როგორ დასრულდა ექსპერიმენტი?
1994 წელს, Honda-ს ინჟინრებმა საკუთარი ავტომობილების საიმედოობის დასამტკიცებლად უცნაურ ხერხს მიმართეს. მათ Honda Civic-ი სპეციალურ მოძრავ სატესტო სტენდზე განათავსეს და ავტომობილის ძრავა 63 დღის განმავლობაში, 24 საათით გაუჩერებლად ამუშავეს.

ექსპერიმენტის განმავლობაში ავტომობილი არც გაჩერებულა და არც რაიმე ტექნიკური პრობლემა შექმნია. მუდმივი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ძრავა საწვავის მიწოდების უწყვეტ სისტემასთან იყო დაკავშირებული. ექსპერიმენტის საბოლოო შედეგი განსაცვიფრებელი იყო. Civic-ის ძრავამ 1 500 საათზე მეტხანს უწყვეტად იმუშავა. მიზანიც მიღწეული იყო — Honda-მ თავის მომხმარებელს დაუმტკიცა, რომ მის მოდელებს ხანგრძლივი და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც საიმედოდ შეეძლოთ მუშაობა.
დღეს Honda-ს ამის დამტკიცება უკვე აღარ სჭირდება. ის და იაპონიის სხვა ბრენდები საერთაშორისო ბაზრებზეც კი მყარი რეპუტაციით სარგებლობენ. თუმცა, მაშინ, 1990-იან წლებში, იაპონური ავტომწარმოებლები აშშ-ის ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის ცდილობდნენ.

Civic-მა „ჩვენს ინჟინრებსაც კი გადააჭარბა“
ეს ექსპერიმენტი მოგვიანებით Honda-მ სარეკლამო კამპანიაშიც გამოიყენა. როგორც იაპონური ავტომწარმოებელი კამპანიაში აღნიშნავდა, მათმა ავტომობილებმა თავად კომპანიის ინჟინრების მოლოდინებსაც გადააჭარბეს. ექსპერიმენტის დასრულების მიზეზიც ეს გახდა — ინჟინრების გადაწყვეტილება, რომ მიზანი უკვე მიღწეული იყო. თორემ ავტომობილს ტექნიკური თვალსაზრისით 63 დღის შემდეგაც არანაირი პრობლემა არ აღენიშნებოდა.
ცნობისთვის, Honda Civic-ი პირველად 1972 წელს წარადგინეს და მას შემდეგ მოდელმა 11 თაობა გამოიცვალა. დღეს Civic-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ავტომობილად რჩება. მძღოლებს კი ეს იაპონური ავტომობილი განსაკუთრებით მისი საიმედოობის გამო უყვართ.