აშშ-კანადის სატარიფო ომი მწვავდება | ყველაზე მეტად საავტომობილო ინდუსტრია დაზარალდება
აშშ-ისა და კანადის სავაჭრო ომი კიდევ უფრო მწვავდება. აშშ-ის პირველმა პირმა განაცხადა, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან ვაშინგტონი კანადიდან იმპორტირებულ ყველა ტიპის ავტომობილზე, სატვირთოზე, ავტონაწილსა და ფოლადზე ტარიფებს ორჯერ გაზრდის და 50%-იან ნიშნულამდე აიყვანს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების სრულ ჩაშლას, რამაც ჩრდილოეთ ამერიკის მრავალმილიარდიანი საავტომობილო ინდუსტრია და მიწოდების ჯაჭვი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
მოლაპარაკებების პროცესი გასული კვირის ბოლოს შეჩერდა, როდესაც მხარეებმა ერთმანეთი მიუღებელი პირობების წამოყენებაში დაადანაშაულეს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა CNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ამერიკული მხარე კანადელებთან კომპრომისზე წასვლას ცდილობდა — კერძოდ, სთავაზობდა ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების განახევრებას, ხოლო ავტომობილებსა და ხე-ტყეზე საბაჟო გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, გრირის თქმით, კანადურმა მხარემ მოლაპარაკებების ბოლო საათებში დამატებითი ეკონომიკური და პოლიტიკური დათმობები მოითხოვა, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საპირისპიროდ, კანადის პირველმა პირმა მოლაპარაკებები შეაჩერა და აშშ-ის ბოლო წუთის მოთხოვნებს „უტაქტო, უსამართლო და არაეკონომიკური“ უწოდა. მისი თქმით, ამერიკული მხარე ცდილობდა შეეზღუდა კანადის სუვერენული უფლება — დაედო სავაჭრო შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან, ასევე ითხოვდა კვოტების დაწესებას ფოლადზე და კანადის შიდა რეგულაციების შეცვლას. კარნიმ აღნიშნა, რომ კანადაზე თავდასხმა განხორციელდა და ოტავა მზად არის აშშ-ის ახალ ტარიფებს „დოლარი დოლარზე“ პრინციპით, საპასუხო ტარიფებით უპასუხოს.

ექსპერტები და საავტომობილო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავტომობილებსა და ავტონაწილებზე 50%-იანი ტარიფის დაწესება კატასტროფულად აისახება ჩრდილოეთ ამერიკის ავტოინდუსტრიაზე. რადგან წარმოების პროცესი „ზუსტად დროში“ მოდელით ფუნქციონირებს, ცალკეული დეტალები აწყობამდე საზღვარს მრავალჯერ კვეთს. კანადის ავტონაწილების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, ამერიკელი ავტომწარმოებლები იძულებულნი გახდებიან თავად გადაიხადონ ეს ტარიფები, ხოლო საჭირო დეტალების გარეშე აშშ-ის ქარხნებში ავტომობილების აწყობა უბრალოდ გაჩერდება.
ახალი ამბის გამოქვეყნებისთანავე საფონდო ბირჟებზე საავტომობილო გიგანტების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა: Ford-ისა და Stellantis-ის აქციებმა დაახლოებით 4%-ით დაიკლო, ხოლო General Motors-ის აქციები 2%-ზე მეტით შემცირდა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ თუ მხარეები დიპლომატიურ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ეს დაპირისპირება ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე და განსაკუთრებით საბოლოო მომხმარებელზე უარყოფითად აისახება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს