ფორდ ბრონკო, ტოიოტა რავ4, ჰონდა ეიჩარ-ვი, ჰონდა პილოტი, ტოიოტა ჰაილენდერი, ტოიოტა კოროლა ქროსი, ჰონდა ჰრვ, ჰონდა ცრვ, ტოიოტა 4რანერი
Aa
Aa

მეორადი SUV-ები, რომლებიც ღირებულებას ყველაზე მეტად ინარჩუნებენ | Edmunds

ახალი ავტომობილების ფასების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი მომხმარებელი გადადის მეორადი ავტომობილების ბაზარზე შედარებით ხელმისაწვდომი, თუმცა გამძლე ავტომობილის საძიებლად. რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად, ავტომობილების ფასის კლება გარდაუვალია, თუმცა არსებობს ისეთი მოდელებიც, რომლებიც თავიანთ ღირებულებას ყველაზე მეტად ინარჩუნებენ. ეს კი კარგი ამბავია მათთვის, ვინც ავტომობილის ხელახლა გადაყიდვითაა დაინტერესებული.

Edmunds-ის ანალიტიკოსებმა მოდელები სწორედ წლების გასვლასთან ერთად ღირებულების შენარჩუნების მიხედვით გაანალიზეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის SUV-ები წარმოგვიდგინეს, რომელთა ღირებულებაც ყველაზე ნაკლებად იკლებს. შედარებისთვის, მათ მეორადი 2023 წლის მოდელების საშუალო ტრანზაქციის ფასი აიღეს და მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ საცალო ფასს შეადარეს. შედეგად, ჯამში ხუთი კატეგორიისთვის ორ-ორი საუკეთესო SUV შეარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კვლევა 2023 წლის (მოდელის წელი) ავტომობილებზე დაკვირვებითაა შედგენილი, თუმცა Edmunds-ის ანალიტიკოსების თქმით, ის საიმედო გზამკვლევი იქნება სხვა წლის მოდელების შეძენის შემთხვევაშიც.

სუბკომპაქტური SUV-ები: Toyota Corolla Cross და Honda HR-V

Toyota Corolla Cross-ი სუბკომპაქტური SUV-ია — პრაქტიკული და ბიუჯეტური ავტომობილი. მოდელი მძღოლის დამხმარე ფუნქციებითაა აღჭურვილი და, პატარა ზომის მიუხედავად, საბარგულისთვის საკმარის ადგილს გვთავაზობს. Corolla Cross-ი შესაძლოა ის მოდელი არ იყოს, რომლის შეძენაც გსურთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ავტომობილის ფასი 3-წლიანი მფლობელობის შემდეგ თავდაპირველი ფასის 81.7%-ია. მსგავსი შედეგი აქვს Honda HR-V-საც, რომლის შემთხვევაშიც ანალიტიკური ფირმა სამგზავრო სივრცესა და საბარგულის ზომას აღნიშნავს.

პატარა ზომის SUV-ები: Toyota RAV4 Hybrid და Honda CR-V

პატარა ზომის SUV-ებს შორის Toyota RAV4 ყველა იმ ფუნქციას, რომელსაც მძღოლი მისგან მოელის, სრულყოფილად ასრულებს. კომფორტული და ტევადი მოდელი სხვადასხვა ბიუჯეტისთვისაა ხელმისაწვდომი. საწვავის ეკონომია და უსაფრთხოების ტესტებში მაღალი შეფასებები კი ამ მოდელის მთავარ პლუსებს შორისაა. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ RAV4 Hybrid-ი ღირებულების 81.4%-ს ინარჩუნებს. იმავე კატეგორიაში Edmunds-ი Honda CR-V-საც ასახელებს. მარტივი ტექნოლოგიური მახასიათებლები, ტევადობა და ჰიბრიდული ძრავის (არჩევითი) საშუალებით მიღწეული საწვავის ეკონომია ამ მოდელის დადებით მახასიათებლებს შორისაა.

საშუალო ზომის SUV-ები: Toyota 4Runner და Ford Bronco

მათთვის, ვინც საშუალო ზომის SUV-ს ეძებს ყველგანმავალი შესაძლებლობებით, Toyota 4Runner-ი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. სამი წლის შემდეგ 4Runner-ი საშუალოდ თავისი ღირებულების 83%-ს ინარჩუნებს, რაც ამ სტატიაში წარმოდგენილ SUV-ებს შორის საუკეთესო შედეგია. ცნობისთვის, იმავე კატეგორიაში Edmunds-ი 3-წლიან ინტერვალში ღირებულების შენარჩუნებით საუკეთესო SUV-ებს შორის Ford Bronco-საც ასახელებს.

საშუალო ზომის 3-რიგიანი SUV-ები: Toyota Highlander Hybrid და Honda Pilot

თითქმის ორ ათწლეულზე მეტია, რაც Toyota Highlander-ი პოპულარობას არ კარგავს. ამჟამინდელი ვერსია მძღოლებს კვლავ სთავაზობს კომფორტული მართვის გამოცდილებას, Highlander Hybrid-ის შემთხვევაში კი — საწვავის ეკონომიასაც. Highlander-ის მესამე რიგის სავარძელი საკმაოდ პატარა ზომისაა, თუმცა, ალბათ, დიდ პრობლემას არც ეს ფაქტი წარმოადგენს. რაც შეეხება ღირებულებას, სამი წლის შემდეგ ის ფასის 77%-ს ინარჩუნებს. იმავე კატეგორიაში Edmunds-ი Honda Pilot-საც ასახელებს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ოჯახებისთვის.

დიდი ზომის 3-რიგიანი SUV-ები: Toyota Sequoia და Chevrolet Tahoe

Toyota Sequoia იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც ტევადი და მძლავრი ავტომობილის შეძენა სურს. ამ მოდელის 3.5-ლიტრიანი, ტვინტურბო V6 ჰიბრიდული ძრავა 437 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შესაბამისად, საწვავის ეკონომია ისეთი ვერ იქნება, როგორც სხვა ჰიბრიდულ მოდელებში. ამის მიუხედავად, ღირებულების შენარჩუნების მიხედვით ის ერთ-ერთი ლიდერია: 3 წლის შემდეგ თავდაპირველი ფასის 80%-ს ინარჩუნებს. Chevrolet Tahoe კი თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია და მეორე ადგილზეა სამწლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ღირებულების შენარჩუნების კუთხით, რაც მას ფინანსურად მომგებიანს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები