საქართველო, ავტონაწილები, ავტოიმპორტიორთა ასოციაცია
Aa
Aa

„სად და როგორ შეძლებენ მანქანების დაშლას, გაურკვეველია“ -ავტომობილების დაშლის საკითხი 1-ელი სექტემბრიდან შეიზღუდება

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ავტონაწილებს ბიზნესს ახალი ვალდებულებები დაეკისრება. როგორც „ბიზნესპრესბიუსთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, საუბარია მანქანების დაშლაზე, რაც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე, რეკრეაციული და დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით იქნება დასაშვები.

ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების განთავსების ან/და რეალიზაციის შეზღუდვა, იმ ტექნიკური რეგლამენტის მეორე ნაწილია, რომელიც მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის აკრძალვას ეხებოდა.

რეგულაციების ეს უკანასკნელი ნაწილი ძალაში 1-ელი იანვრიდან შევიდა, ავტომობილების დაშლის საკითხი კი 1-ელი სექტემბრიდან შეიზღუდება. როგორც ალექსი ნონიაძე ამბობს, ამ ეტაპზე უამრავი კითხვის ნიშანი არსებობს, რის გამოც ავტონაწილების ბიზნესის ბედი გაურკვეველია. მისი თქმით, ამ დროისთვის არც ტერიტორიებია განსაზღვრული, სადაც მანქანები უნდა დაიშალოს; ამასთან ისიც უცნობია, კერძო პირები ან ინდივიდუალური მეწარმეები სად და როგორ შეძლებენ მანქანების დაშლას.

„ვისაც დასაშლელად შემოჰყავთ მანქანები, აქაც პრობლემები გვაქვს. როგორც იცით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტექნიკური რეგლამენტის მიღებას აპირებს და სექტემბერში, ყველაფერი რადიკალურად იცვლება მათთან მიმართებითაც.

დაგეგმილია ორგანიზაციულად შეცვალოს ყველაფერი. მაგრამ, ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია - ტერიტორიულად სად იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ, ვინ უნდა აწარმოოს დაშლა? სავარაუდოდ იქნება ცენტრალიზებულად, ე.წ „მგვ“-ები (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება). ასევე, ნარჩენებზე იქნება გადასახადი. ანუ, როდესაც ავტომობილი შემოყვანილ ავტომობილს შემოიყვან და გაიფორმებ, ეს ამ მგვ-ში გადასახადი უნდა გადაიხადო და მერე ამ მგვ-ს ორგანიზებით უნდა მოხდეს დაშლა.

„არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა ეს სამუშაო ადგილები საერთოდ დაკარგოს“. 

თუმცა, ეს ე.წ დამშლელები, ცალკე ინდმეწარმეები რომ იყვნენ, რა ფორმით ექნებათ თანამშრომლობა მგვ-ებთან - დღეს გაურკვეველია. არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა ეს სამუშაო ადგილები საერთოდ დაკარგოს. ერთი რეგლამენტი სწორია, როდისღაც ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ ამ ხალხის ადგილი სად არის? როგორი თანამშრომლობა ექნებათ მგვ-ებს ინდმეწარმეებთან - ამაზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.

ამ ცვლილების შემოტანა სექტემბერში არის ნავარაუდები, თუმცა, შეიძლება გადაიწიოს კიდეც. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ავტონაწილების საქმით დაკავებულ ადამიანებსაც ახლო მომავალში პრობლემები ექნებათ. სად და როგორ შეძლებენ მანქანების დაშლას, გაურკვეველია“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ასოციაციას ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შეხვედრა ჰქონდა უწყებაში, რომელსაც მგვ-სა და ტექნიკური რეგლამენტის ავტორებიც ესწრებოდნენ.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გარკვეული სივრცეები უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ ავტომობილი დაიშალოს. სავარაუდოდ სხვაგან აკრძალული იქნება.

რაც შეეხება გადასახადის ნაწილს, სახელმწიფო უწესებს. მაგალითად, დილერს (ან ნებისმიერ მოქალაქეს), რომელმაც შემოიყვანა ავტომობილი და პირველადი რეგისტრაცია გაატარა, სანომრე ნიშნებს რომ აიღებს, მაშინ მოუწევს დაახლოებით 255 ლარის გადახდა. ეს არის პროექტში. მერე ეს ირიცხება იმ ფონდებში, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ ავტომობილების უსაფრთხოდ დაშლა. მაგრამ მე თუ მყავს ავტომობილი შემოყვანილი და თავადვე მომიწია დაშლა, ეს თანხა უნდა გადავიხადო თუ არა? არ ვიცი; მგვ-ში რომ მივალ, მე თანხა უნდა გადავიხადო რამე? არც ეს ვიცი. იმ სივრცით ვინ უნდა ისარგებლოს? იგივე ინდმეწარმე დამშლელი, შეძლებს მის გამოყენებას? არც ის ვიცით, კონკრეტულად ვინ უნდა დაშალოს ეს მანქანა; მერე ეს ნაწილები სად მოხვდება? ვინ უნდა გაუკეთოს რეალიზაცია? იმიტომ რომ ახლა თავად შლის „დამშლელი“ და თვითონვე უკეთებს რეალიზაციას, იხდის მხოლოდ იჯარის გადასახადს. ამ ახალ ფართზე შეუშვებენ ამ ადამიანს? 

მოკლედ, ძალიან ბევრი დაუზუსტებელი საკითხია. ორგანიზაციულად გავიგეთ, რომ მგვ იქმნება, გავიგეთ, რომ ფონდია, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით როგორ მოხდება ამ ავტომობილის დაშლა, ვისი ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიას გააქირავებენ, თუ რა იქნება, ჯერჯერობით უცნობია“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები