"ხარისხი ზარალდება - მოსახლეობა ნელ-ნელა იწყებს უფრო დაბალი კლასის ავტომობილების შეძენას, მათთვის პრიორიტეტი ასაკია"
"მოსახლეობა ნელ-ნელა იწყებს უფრო დაბალი კლასის ავტომობილების შეძენას, მათთვის პრიორიტეტი ასაკია", - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ "ბიზნეაპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიღებული კანონით, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება თითქმის 6-ჯერ გაძვირდა, მოსახლეობა არჩევანს ნაკლები წლოვანების, მაგრამ დაბალი ხარიხის ავტომობილებზე აკეთებს.
"ბაზარზე და ახალი კანონის გავლენებზე ახლა ცოტა რთულია საუბარი, იმიტომ, რომ ორი კვირა გავიდა ამ კანონის მიღებიდან და აქედან ერთი კვირა დასვენების დღეები იყო. აქედან გამომდინარე, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ალბათ, ერთი თვით დაიგვიანებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელები საუბრობენ, შეიძლება ითქვას, რომ სამ ნაწილად უნდა დავყოთ ბაზარი: შიდა მოხმარება, დაშლილები და რეექსპორტი.
„დილერებმა არ იციან, მომავალში რას უნდა ელოდონ, როგორ გადაეწყონ, რას მოერგონ“
როგორც იცით, რეექსპორტში დილერების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ისინი ახლა გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და არ იციან, მომავალში რას უნდა ელოდონ, როგორ გადაეწყონ, რას მოერგონ. ამიტომ მათ მხრიდან აქტიურობა ნაკლებია.
ე.წ „დამშლელები“ (ვისაც დასაშლელად შემოჰყავთ მანქანები), კომპანიების განცხადებით, აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ აქაც პრობლემები გვაქვს. როგორც იცით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტექნიკური რეგლამენტის მიღებას აპირებს და სადღაც სექტემბერში, ყველაფერი რადიკალურად იცვლება მათთან მიმართებითაც.
და მესამე, ადგილობრივი ბაზარი - კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ, რომ თუ ადრე მაღალი კლასის, ან პრემიუმ კლასის მოდელებს ყიდულობდნენ, ახლა ამის ფუფუნება აღარ არის. უნდა შემოიყვანოს ექვსი წლის ქვემოთ ავტომობილი და ამიტომ უფრო ხარისხი ზარალდება.
მოსახლეობა ნელ-ნელა იწყებს უფრო დაბალი კლასის ავტომობილების შეძენას, მათთვის პრიორიტეტი ასაკია, იქიდან გამომდინარე, რომ განბაჟებაში ნაკლები გადაიხადოს და თანხაც ნაკლები დაუჯდეს. თუ ადრე ასაკს და ხარისხს აქცევდა ყურადღებას, ახლა მხოლოდ ასაკს უყურებს და არა ხარისხს",- ამბობს ალექსი ნონიაძე.