ევროკავშირი, ჩინეთი, ელექტრომობილები, ახალი კანონი
Aa
Aa

„დამზადებულია ევროპაში“ | სავაჭრო ნიშნის გამო ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპის კავშირის ინიციატივა, რომელიც „Made in Europe“ სტანდარტის პოპულარიზაციასა და, ამ სტრატეგიით, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. პეკინმა ორშაბათს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ ბლოკის სტრატეგია დისკრიმინაციულია, არათანაბარ კონკურენტულ გარემოსა და საინვესტიციო ბარიერებს ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მიდგომას არ შეცვლის, ჩინეთი საპასუხო ზომებითაც იმუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ევროკავშირის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ჩინეთის სავაჭრო უწყებამაც და მას უცხოური ინვესტიციებისთვის შემზღუდველი უწოდა. ე.წ. ინდუსტრიული დაჩქარების აქტი ევროპის კომისიამ მარტში მიიღო. ეს უკანასკნელი დაბალი ნახშირბადის შემცველობის, ევროპაში დამზადებულ ტექნოლოგიასა და პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას ისახავს მიზნად. ჩინური მხარის განცხადებით, წინადადება უცხოურ ინვესტიციებზე შემზღუდავ მოთხოვნებს აწესებს და, შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას არღვევდეს.

პრესსპიკერის განცხადებით, „დამზადებულია ევროპის კავშირში“ პრიორიტეტული ნიშანი საინვესტიციო ბარიერებსა და ინსტიტუციურ დისკრიმინაციას ქმნის. ჩინეთი დიალოგისთვის ღიაა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ახალი კანონმდებლობის ნეგატიური გავლენა აზიური ქვეყნის კომპანიებზე, თუმცა საპასუხო ზომებისთვისაც ემზადება.

განცხადება ჩინეთის რეაქციასთან დაკავშირებით უკვე გამოაქვეყნა ევროპულმა მხარემაც, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვენი წინადადებები ზედმიწევნით არის შემუშავებული ჩვენი მოქალაქეებისთვის ფართო ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვთანამშრომლობთ გლობალურ პარტნიორებთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია და მოხარული ვართ, მოვისმინოთ მათი შეხედულებები“.

ცნობისთვის, სამრეწველო აჩქარების აქტი შეეხება სამ სტრატეგიულ სექტორს: ავტომობილების წარმოებას, სუფთა ტექნოლოგიებსა და ენერგოინტენსიურ მრეწველობას (მათ შორის ალუმინს, ფოლადს, ცემენტს). წინადადება მოიცავს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრომობილების შემთხვევაში მათი 70%-ზე მეტი ევროპული შემცველობის (ევროპაში წარმოებული ნაწილებით დამზადებული) აუცილებლობა.

ცხელი ამბები