აშშ, ელექტრომობილი, მეორადი ავტომობილები, მეორადი ელექტრომობილები
Aa
Aa

აშშ-ში მეორადი ელექტრომობილების ფასი იკლებს და შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ფასს უახლოვდება

აშშ-ის მეორადი ავტომობილების ბაზარზე საინტერესო ტენდენცია ფიქსირდება: მაშინ, როდესაც ახალი ელექტრომობილების გაყიდვები შენელდა, მეორადი ელექტრომობილების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა. მარტის მონაცემებით, გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 27.7%-ით არის გაზრდილი, რაც დიდწილად ფასების კლებამ და არჩევანის გაფართოებამ გამოიწვია.

ყველაზე დიდი სიახლე სწორედ ფასების გათანაბრებაა — მეორადი ელექტრომობილების საშუალო ფასი მარტში 34 653 დოლარი იყო, რაც მხოლოდ ათასიოდე დოლარით აღემატება ბენზინზე მომუშავე ანალოგიური მანქანების ფასს. ერთი წლის წინ ეს სხვაობა თითქმის ოთხჯერ მეტი იყო, ახლა კი მეორადი ელექტრომობილების თითქმის ნახევარი 25 000 დოლარზე ნაკლებად იყიდება.

არჩევანის ასეთი ზრდა განპირობებულია იმით, რომ 2022-2023 წლებში ლიზინგით გაცემული ავტომობილების მასა ახლა დილერების მოედნებზე მასობრივად ბრუნდება. მოსალოდნელია, რომ 2026 წლისთვის ლიზინგიდან დაბრუნებული მანქანების მნიშვნელოვანი წილი სწორედ ელექტრომობილები იქნება, რაც მყიდველებს მოდელების დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს.

თუმცა, ფასის გარდა, მნიშვნელოვანია ფლობის ხარჯების გათვალისწინებაც. მაგალითად, თვეში საშუალოდ 1600 კილომეტრის გავლის შემთხვევაში, სახლში დამუხტვა დაახლოებით 60 დოლარი ჯდება, რაც ბენზინის ხარჯზე ორჯერ ნაკლებია.

მოვლის თვალსაზრისით, ელექტრომობილებს გარკვეული უპირატესობა აქვთ, რადგან მათ არ სჭირდებათ ზეთის შეცვლა და მუხრუჭებიც უფრო ნელა ცვდება. თუმცა, ავტომობილის დიდი წონის გამო, საბურავები ბევრად სწრაფად ფუჭდება, ხოლო ავარიის შემთხვევაში რემონტი საშუალოდ 1 200 დოლარით ძვირი ჯდება, ვიდრე ბენზინის მანქანების შემთხვევაში.

ყველაზე დიდ კითხვის ნიშნად მაინც ბატარეის მდგომარეობა რჩება. მისი შეცვლა საკმაოდ ძვირია, თუმცა მეორადი ბაზრისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ ლიზინგიდან დაბრუნებულ 3 წლის მანქანებს ქარხნული გარანტიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი, რაც მყიდველისთვის დამატებითი დაზღვევაა.

მსგავსი სიახლეები