მეორადი ავტომობილების ფასი წელს პირველად დაეცა | EV-ებზე მოთხოვნა იზრდება
2026 წელს პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მეორადი ავტომობილების ფასები დაეცა, ამის საპირისპიროდ კი მძღოლების მხრიდან ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, ენერგოკრიზისის საფრთხე და მისი მასშტაბებია, რის გავლენითაც ბოლო თვეებში საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა. შედეგად კი გამოდის, რომ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, მეორადი ავტომობილების ფასების კლება (თვიურ ჭრილში) პირველად დაფიქსირდა.
Cox Automotive-ის მონაცემებით, მეორადი ავტომობილების ღირებულების ინდექსი (Manheim) — რომელიც აშშ-ში საბითუმო აუქციონებზე გაყიდული მეორადი ავტომობილების ფასებს ამოწმებს — აპრილში მარტთან შედარებით 1.6%-ით შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები კვლავ 1.8%-ით მაღალი დარჩა.
ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა იყიდოთ 90-იანების მანქანა დღესვე?
Cox Automotive-ის თანახმად, აპრილის ბოლოსთვის საწვავის ფასმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გალონზე (დაახლოებით 3.78 ლიტრი) $4.30 შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით $1.12-ით მეტია. ხოლო მაისის დასაწყისისთვის ფასმა უკვე $4.56-მდე მოიმატა. ეს ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა რაიმე პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა, რადგან სიტუაცია კვლავ არასტაბილურია და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მაინც, საწვავზე მერყევ ფასებს უნდა ველოდოთ.
„ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი უკვე ორი თვეა, რაც გრძელდება და აპრილის შუა რიცხვებში ენერგოფასების მცირედით შემცირების მიუხედავადაც, ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება. მათ შორის, თებერვლის ბოლოდან ფასები უკვე 47%-ითაა მომატებული“, — განაცხადა Cox Automotive-ის მთავარმა ეკონომისტმა, ჯერემი რობმა და დასძინა, რომ „მაღალი ფასები მომხმარებელთა ხარჯების ზრდაშიც აისახება და ამას ჯერ დასასრული არ უჩანს“.
შედეგად, იმის მიუხედავადაც, რომ რეალურად მეორადი ელექტრომობილების საშუალო ფასი სტანდარტულ მოდელებზე დაახლოებით $9,200-ით მაღალია, საწვავის ფასების არასტაბილურობამ მათზე მოთხოვნა მაინც გაზარდა. Manheim-ის ინდექსიც ელექტრომობილებისთვის, შესაბამისად, წლიურ ჭრილში 7.2%-ით, ხოლო მარტთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა.
ამავდროულად კი მძღოლების მხრიდან მეორად და შედარებით ხელმისაწვდომ ავტომობილებზეც გაიზარდა მოთხოვნა. მომხმარებელთა მსყიდველობითი უნარის შემცირებამ კი სადილეროებს ფასების კლებისკენ უბიძგა.

თუმცა, აპრილის კლების მიუხედავადაც, ანალიტიკოსები გრძელვადიან პერიოდში მეორად ავტომობილებზე ფასების კლების ტენდენციის შენარჩუნებას არ პროგნოზირებენ. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ წლიურ ჭრილში მათი ღირებულება კვლავ უფრო მაღალი რჩება. გარდა ამისა, მარტში მეორადი ავტომობილების საშუალო ფასი $25,390 იყო, რაც თებერვალთან შედარებით $100-ით მეტია. თავად Cox Automotive-ი კი მიმდინარე წელს მეორად ავტომობილებზე ფასების ზრდის 2%-იან მაჩვენებელს ვარაუდობს, რაც ისტორიულად საკმაოდ სტაბილური ნიშნულია.