ხელნაკეთი, დისკები, ვატანაბე
Aa
Aa

ნახეთ, როგორ მზადდება Watanabe-ს უნიკალური დისკები

იაპონიას მრავალი საკულტო დისკის დიზაინი შეუქმნია, მაგრამ Racing Service Watanabe-ს პროდუქციას ცოტა თუ შეედრება. RS Watanabe და Hakosuka Skyline GT-R ისე უხდება ერთმანეთს, როგორც სუში და ვასაბი... ეს დისკები დღემდე ხელით მზადდება, რის გამოც მათი რაოდენობა შეზღუდულია და მსურველებს რიგში დგომა ორი წლით უწევთ.

YouTube არხმა Japanese Industry Process-მა გამოაქვეყნა 50-წუთიანი ვიდეო, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები ამ საკულტო დისკების დამზადების მთელი პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია მაღალტექნოლოგიური ქარხნებითაა ცნობილი, Watanabe-ს საამქრო უფრო შუა საუკუნეების სამჭედლოს მოგვაგონებს.

პროცესი იატაკზე განლაგებულ პატარა ღუმელებში ლითონის (ალუმინის ან მაგნიუმის) დნობით იწყება. ალუმინი 700 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება, რის შემდეგაც მას გრაფიტით დაფარული ვედროებით იღებენ და სპეციალურ ყალიბებში ასხამენ. მაგნიუმის დისკების შემთხვევაში, Watanabe კიდევ უფრო ძველმოდურ, ქვიშის ყალიბების მეთოდს იყენებს. დაწნეხილი ქვიშისგან დამზადებული ფორმები საგულდაგულოდ შრება, რათა ნესტმა მაგნიუმთან რეაქციაში აფეთქება არ გამოიწვიოს. მას შემდეგ, რაც ლითონი ცივდება, ყალიბს ჩაქუჩით ამტვრევენ და გარეთ გამოსულ დისკს ხელით ამუშავებენ — ზედმეტ ნაწილებს ხერხავენ, ზედაპირს ასწორებენ, ხოლო დეფექტებს TIG შედუღებით შველიან.

საინტერესოა კონტრასტიც — მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფინალური სამუშაოებისთვის CNC დაზგები გამოიყენება, ჭანჭიკების ხვრელებს მუშა მაინც ჩვეულებრივი ბურღით აკეთებს. საბოლოოდ, დისკები ნაცრისფრად იღებება და მომხმარებლებთან იგზავნება. ეს ძველმოდური პროცესი იდეალურად შეესაბამება იმ კლასიკურ სულს, რომელსაც Watanabe ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები