საქართველო, ავტოიმპორტი, ავტოიმპორტიორთა ასოციაცია
Aa
Aa

„გამორიცხული არაა, მფლობელებს ავტომობილების მიღება დაუგვიანდეთ“ | ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

„არ არის გამორიცხული, რომ მფლობელებს ავტომობილების მიღება დაუგვიანდეთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ავტომობილების ის ნაკადი, რომელიც მოქალაქეებმა აქციზის გადასახადის მატების დაანონსების შემდეგ, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შეიძინეს, ქვეყანაში შემოსვლას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. როგორც ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, მანქანების მიღების პროცესი ეტაპობრივი იქნება და შესაძლოა, 2 თვეზე გადანაწილდეს.

„სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ავტოიმპორტის ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა დაფიქსირდა. თუ წინა წლებში, დროის ამ მონაკვეთში, ქვეყანაში თვიურად საშუალოდ, 15-20 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, აქციზის მატებასთან დაკავშირებულმა გადაწყვეტილებამ ნეგატიური მოლოდინები და დამატებითი მოთხოვნა გააჩინა.

ყველა ცდილობდა, ავტომობილის შეძენა 1-ელ აპრილამდე მოესწრო, რის გამოც მოთხოვნა თითქმის 100%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ველოდებით 35-40 ათასი ერთეული ავტომობილის შემოსვლას. ამ ნაკადს უკვე, უახლოეს პერიოდში ველოდებით. მიღების პროცესი კი შესაძლოა, 1-დან 2 თვემდე გაიწელოს. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საზღვაო ხაზების დატვირთვასა და ჩატვირთვის ვადებზე.

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად მსგავსი შეფერხებები, რის გამოც გზაში მყოფი ავტომობილი იგვიანებს, ხდებოდა და ხდება, თუმცა ახლა განსაკუთრებულ ვითარებაში ვიმყოფებით. გაზრდილ მოთხოვნას ემატება ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემა და გამოწვევები, რაც ჩვენს სექტორზეც ახდენს გავლენას. მსოფლიოში კონტეინერების რაოდენობა დეფიციტური გახდა, ეს კი პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების ვადებზე.

არ არის გამორიცხული, რომ მფლობელებს ავტომობილების მიღება დაუგვიანდეთ. მსგავსი სიტუაციები, რომლებიც გარკვეულ შეფერხებებს ქმნის, ამ ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, იმასთან ერთად, რომ მიმდინარე კონფლიქტებიც ნეგატიურად აისახება მოწოდების ვადებზე“, - აცხადებს ნონიაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა.

ახალი კანონმდებლობით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამ კატეგორიაში, 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი ისედაც 1.5 ლარი იყო, თუმცა ცვლილება შეეხო 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ მანქანებს, რომელთა განბაჟების ტარიფიც 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათ შემთხვევაში განბაჟების საფასური 4.5 ლარი გახდა, რაც ფაქტობრივად 5.6-ჯერ გაზრდილი ტარიფია. კანონის ძველი რედაქციით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის 1 კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრებოდა.

წყარო - BPN.GE

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები