ილონ მასკი, ჩინეთი, ელექტრომობილები, ტესლა
Aa
Aa

მასკი ჩინეთში გაემგზავრა | Tesla-ს ბრძოლა ჩინური ბაზრისთვის და ტექნოლოგიური ამბიციები

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ამჟამად, ამერიკის ტექნოლოგიური სფეროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, ჩინეთში ოფიციალური შეხვედრებისთვის ემზადება. მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებისგან შემდგარი დელეგაცია პეკინში, აშშ-ის პირველი პირის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. მასკის გარდა, როგორც ცნობილია, პეკინს Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგიც ეწვევიან.

ჩინეთში გასამართი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნებს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობებია, რომელიც ავტომობილებსა და ამ ინდუსტრიისთვის საჭირო სხვა კომპონენტებზე დაწესებულ შეზღუდვებსა და მაღალ ტარიფებში გამოიხატება. რა თქმა უნდა, ეს თემა განსაკუთრებით საინტერესოა Tesla-ს ხელმძღვანელისთვის, რომელსაც ჩინეთის ბაზრის ათვისების სურვილი დიდი ხანია ამოძრავებს.

ამერიკელი ბიზნესმენის თქმით, მას ჩინეთში „ბევრი კარგი საქმის გაკეთება სურს“. როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი კაილ ჩანი აღნიშნავს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ინტერესები თითქმის იდეალურად ემთხვევა პეკინის ინტერესებს: „როდესაც პეკინის ტექნოლოგიურ პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ, მარტივი დასანახია, რომ ისინი თითქმის იდეალურად ემთხვევა ილონის ინტერესებს“, — თქვა ჩანმა და ისეთ საკითხებზე მიუთითა, როგორებიცაა ელექტრომობილები, ავტონომიური მართვა, ხელოვნური ინტელექტი, ჰუმანოიდი რობოტები, ნეიროტექნოლოგიები და თანამგზავრები.

ჩანის თქმით, Tesla-ს თვითმართვადი ტექნოლოგია ჩინეთში კვლავ ინდუსტრიის სტანდარტად ითვლება. მაგალითად, თავად Chery-ს თავმჯდომარემ, იინ ტონგიემ, გასულ თვეში Reuters-ს უთხრა, რომ ისინი ინსპირაციას Tesla-სა და Toyota-სგან იღებენ. მისი თქმით, Chery, რომელიც ახლა ევროპაში ძალების მოკრეფას ცდილობს, Tesla-ს ინოვაციებსა და Toyota-ს ხარისხზეა ორიენტირებული.

2018 წელს Tesla პირველი უცხოური ავტომწარმოებელი გახდა, რომელსაც ნება დართეს ჩინეთში ადგილობრივი პარტნიორის გარეშე საწარმოო ქარხანა შეექმნა. ჩინეთის სამგზავრო ავტომობილების ასოციაციის მონაცემებით, 2025 წელს Tesla-მ ჩინეთში 626,000 ავტომობილი გაყიდა, რაც მას ქვეყნის მეხუთე უმსხვილეს მწარმოებლად (ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების ხაზით) აქცევს. კომპანიის მონაცემებით, გასულ წელს Tesla-ს შემოსავლების დაახლოებით მეხუთედი ჩინეთზე მოდიოდა.

თუმცა, მიუხედავად წარმატებისა, არის საკითხები, რომლებიც პეკინს დღემდე აშფოთებს. მაგალითად, Tesla-ს კამერები, რის გამოც ამერიკული კომპანიის ელექტრომობილებს 2021 წელს ჩინეთის სამხედრო ობიექტებზე შესვლა აეკრძალათ. აკრძალვა მხოლოდ მოგვიანებით, მილიარდრის ვიზიტისა და პირადი გარანტიების შემდეგ მოიხსნა.

Reuters-ის აღნიშვნით, ამერიკელი ბიზნესმენის ჩინეთში ვიზიტი იმ დროს ემთხვევა, როდესაც Tesla ცდილობს თავისი სრულად თვითმართვადი დამხმარე სისტემის დანერგვის გაფართოებაზე ნებართვის მიღებას. შედეგად, მილიარდერი მაქსიმალურად სწორი ნაბიჯების გადადგმას შეეცდება, რათა, ერთი მხრივ, ეს ნებართვა მიიღოს და, ასევე, ქვეყანაში თავისი სტატუსი გააძლიეროს. Tesla-სთვის მსოფლიოში უდიდესი საავტომობილო ბაზარი უმნიშვნელოვანესია, ხოლო მიწოდების ჯაჭვები — აუცილებელი ისეთი პროგრამების განსავითარებლად, როგორებიცაა ელექტრომობილები, მზის ენერგია და კოსმოსური პროგრამები.

დამატებით კი, Tesla-სთვის პრობლემას ადგილობრივი, ჩინური კონკურენტების პროგრესი ქმნის. „რაც უფრო მეტად ეწევიან ან უსწრებენ ჩინური კომპანიები მასკის იმპერიას, მით უფრო უფასურდება მისი სტატუსი ქვეყანაში,“ — აცხადებს პოპულარული ჩინური ავტობლოგის, Supercharged-ის დამფუძნებელი.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

იმის ერთ-ერთი დასტური კი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარი Tesla-სთვის, 2021 წელს მომხდარი ფაქტიცაა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც შანხაის ავტოშოუზე უკმაყოფილო მომხმარებელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის EV-ს გაუმართავი მუხრუჭები ჰქონდა, პირდაპირ ელექტრომობილის სახურავზე ავიდა. მას მაისური ეცვა წარწერით: „მუხრუჭების გაუმართაობა“ და ხმამაღლა აპროტესტებდა კომპანიის გულგრილობას — კერძოდ იმ ფაქტს, რომ მწარმოებელმა მის საჩივრებს დროულად არ უპასუხა. ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, რის გამოც Tesla-ს, რომელიც მანამდე ხისტ პოზიციას ინარჩუნებდა, საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები