კონცეპტი, ალპინა, ბიემვი, კონცეპტუალური ავტომობილი, ბიემვი ალპინა
Aa
Aa

პირველი BMW Alpina: ელექტრომობილის ნაცვლად ახალი Vision Alpina მძლავრ V8 GT-ად მოგვევლინა

Vision Alpina საფუძველს BMW-ის წარსულიდან იღებს და V8 ძრავას აბრუნებს, რითაც მიგვანიშნებს, თუ როგორი შეიძლება იყოს პირველი სერიული წარმოების მოდელი 2027 წელს.

ათწლეულების განმავლობაში BMW-ის უკანა ნაწილზე განთავსებული M-ლოგო რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა. Alpina-ს ემბლემას კი ეს ყველაფერი სულ სხვა სიმაღლეზე აჰყავდა. დღეს კი, გაყიდვების ზრდის მოტივით, გერმანული ავტომწარმოებელი მზადაა თავისი საკულტო M თითქმის ყველა მოდელზე მოათავსოს. ეს კი ავტომოყვარულებში შეშფოთებას ბადებს — თუ როგორი იქნება პირველი ერთობლივი მოდელი მას შემდეგ, რაც Alpina უკვე ოფიციალურად, სრულად BMW-ის კონტროლქვეშ გადავიდა.

თუმცა ახლა უკვე ხელთ გვაქვს Vision BMW Alpina — კონცეფცია, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში. კუპეს კონცეპტის დებიუტი გასულ კვირას, კომოს ტბაზე გამართულ Concorso d’Eleganza Villa d’Este-ზე შედგა. ეს არის ერთჯერადი დიზაინ-პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ახლად შექმნილი ბრენდის ქვეშ გამოშვებული მოდელების დიზაინის ენას განსაზღვრავს. BMW-ის განცხადებით, კონცეპტი იმ სამ ძირითად მახასიათებელს ეყრდნობა, რომლებიც წლების განმავლობაში განსაზღვრავდნენ Alpina-ს, ესენია: სიჩქარე, კომფორტი და დახვეწილობა.

ასევე დაგაინტერესებთ: ყველაზე გამორჩეული მოდელები Alpina-ს ისტორიაში

კუპესებრი სახურავის ხაზი ოთხი ზრდასრული ადამიანისთვის შექმნილ სალონზეა გადაჭიმული, ხოლო დაბალი დგომა და გრძელი კაპოტი მას თითქოსდა ძველი სკოლის Grand Tourer-ების (GT) ლიგაში ათავსებს. მის წინა მხარეს ორმაგი თირკმლის ფორმის ცხაური შესაძლოა ბევრისთვის იქ ელექტროაგრეგატის არსებობაზე ბადებდეს ეჭვებს, თუმცა სინამდვილეში Alpina-მ იქ V8 ძრავა განათავსა. ეს ფაქტი უკვე მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ახალი მოდელი ძველ დიდებას ზედაპირულად არ იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცილინდრების რაოდენობის გარდა ძრავის შესახებ სხვა არაფერი ვიცით, წარსულის მაგალითებზე შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ, როგორც წესი, Alpina BMW-ის ძრავების უფრო მძლავრ ვერსიებს გვთავაზობდა ხოლმე. თუ ეს კონცეპტი წარმოებაში ჩაეშვება, სავარაუდოდ, ეს V8-ც BMW-ს კატალოგიდან აღებული და, თან, საგრძნობლად მოდიფიცირებული ვერსია იქნება. შესაძლოა კაპოტქვეშ 4.4-ლიტრიანი ტვინ-ტურბოც დაგვხვდეს, რომელიც ამჟამად M5-შია მოთავსებული.

საინტერესოა, რომ ამ მოდელის შემთხვევაშიც ვხვდებით იმას, რასაც BMW-ის ინჟინრები „მეორად აღქმას“ უწოდებენ ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი არ ცდილობს პირველივე დანახვისას ყველას ყურადღება მიიპყროს. ამის ნაცვლად, ახალი კონცეპტით გერმანული ავტომწარმოებლის გუნდს სურს Alpina-ს ძველი მოდელები გაგვახსენოს და ისეთი ლეგენდარული მოდელების შტრიხებიც შემოგვთავაზოს, როგორიც თუნდაც BMW 507-ია. ვიზუალის სრულყოფისთვის ავტომწარმოებელმა „ზვიგენისებრი“ ცხვირი და 20-ქიმიანი დისკები გამოიყენა. დიზაინი კი, ტრადიციულად, დახვეწილი, თავშეკავებული და ლამაზია.

რაც შეეხება ინტერიერს: სალონიც თითქმის იდენტურ ფილოსოფიას მიჰყვება. მაქსიმალურად სუფთა, დახვეწილი და, როგორც ზოგი ამბობს, ზედმეტად „სტერილურიც“ კი. მართალია, აქ ყველა ძირითადი ფუნქცია სენსორულ ეკრანშია ინტეგრირებული, მდიდრული დეტალები მაინც თავის ადგილზე რჩება.

BMW-ის განცხადებით, პირველ სერიულ BMW Alpina-ს მომავალ წელს უნდა ველოდოთ და ის მეშვიდე სერიაზე იქნება დაფუძნებული. მანამდე კი შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონცეპტი რაიმეზე მიგვანიშნებს, მაშინ მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან გერმანულმა ავტომწარმოებელმა დავალება სწორად გაიგო.

მაგრამ მაინც რჩება მთავარი კითხვა: შეძლებს თუ არა ის შეინარჩუნოს იმ ბრენდის სული, რომელმაც ბაზრისთვის განსხვავებული მოდელების შეთავაზებით წლების განმავლობაში ურყევი რეპუტაცია შეინარჩუნა?

მსგავსი სიახლეები