Nissan-ის 1980-იანი წლების ყველაზე უცნაური მოდელი აუქციონზე გამოჩნდა
1980-იანი წლები ავტოინდუსტრიისთვის ნამდვილი ექსპერიმენტების ხანა იყო. უსაფრთხოების ნაკლებად მკაცრი რეგულაციები და მარკეტოლოგების სუსტი გავლენა ინჟინრებს საშუალებას აძლევდა, ყველაზე გიჟური იდეებიც კი სერიულ წარმოებამდე მიეყვანათ. ამ მხრივ Nissan ერთ-ერთი ყველაზე გაბედული აღმოჩნდა, რისი დასტურიც მისი მოდელი Pulsar NX-ია — იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ავტომობილი.
ასევე იხილეთ: ისტორიაში ყველაზე უცნაური ავტომობილები
Pulsar NX-ს ჰქონდა მოხსნადი სახურავი, თუმცა ავტომობილის სავიზიტო ბარათი მაინც ასეთივე უკანა საბარგულის კარი იყო. მფლობელს შეეძლო სტანდარტული კუპეს კარი მოეხსნა და მის ნაცვლად დიდი პლასტიკური „კაპიუშონი“ დაეყენებინა, რომელსაც Nissan-მა Sportbak-ი უწოდა. ეს ოფცია ავტომობილს მომენტალურად აქცევდა ტევად და პრაქტიკულ უნივერსალად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქის Pulsar-ების უმეტესობა დიდი ხანია დაჟანგდა და ცხოვრება ჯართში დაასრულა, ერთი იდეალური ეგზემპლარი ახლახან ჩრდილოეთ კაროლინაში, Raleigh Classic-ის აუქციონზე გამოჩნდა.


ეს კონკრეტული Pulsar NX 1988 წლის ივლისშია შეძენილი და 38 წლის განმავლობაში სულ 3 მფლობელი გამოიცვალა. ავტომობილს გასულ წელს სრული ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა — შეეცვალა ძრავის ღვედი, წყლის ტუმბო, ამორტიზატორები და ყველა სითხე. მისი გარბენი სულ რაღაც 107 800 კილომეტრია, რაც ასეთი ასაკის მანქანისთვის უიშვიათესი შემთხვევაა.

კაპოტის ქვეშ 1.8-ლიტრიანი ატმოსფერული 4-ცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული, რომელიც 106 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 5-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად წინა თვლებს ამოძრავებს. საინტერესოა, რომ ავტომობილთან ერთად მყიდველი მიიღებს ორივე კორპუსის ნაწილს (კუპესიც და Sportbak-ისაც), სერვისის სრულ ისტორიას და ორიგინალ ქარხნულ ბროშურასაც კი.

დღევანდელი გადასახედიდან, კუპე, რომელიც გიგანტური პლასტმასის კონსტრუქციით უნივერსალად გადაკეთდება, სრულიად არაპრაქტიკულად და ზედმეტად გვეჩვენება, თუმცა მოდელის ხიბლი სწორედ ამაშია.