კვლევა, გაყიდვები, ელექტრომობილები, ელექტრომობილების გაყიდვები
Aa
Aa

მძღოლები თავიანთ ძველ ავტომობილებს ელექტრომობილებზე ცვლიან | როდემდე შენარჩუნდება ტენდენცია?

Edmunds-ის მიერ გამოცემა CNBC-ისთვის გაზიარებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში იმ მძღოლთა წილი, რომელთაც თავიანთი ბენზინზე მომუშავე ავტომობილები ელექტრომობილებზე გადაცვალეს (Trade-in პროგრამით), საგრძნობლად გაიზარდა. თუ იანვარში ახალი ელექტრომობილის შესაძენად დილერებთან თავიანთი ძველი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილი მომხმარებელთა 67.1%-მა ჩააბარა, აპრილში ეს მაჩვენებელი 5%-ით, 72.1%-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

CNBC-ის მიერ ნანახ ანგარიშზე დაყრდნობით, გაზრდილია ელექტრომობილების მიმართ მძღოლთა ლოალობის მაჩვენებელიც. მონაცემებმა აჩვენა, რომ იანვარში მყიდველთა 26.2%-მა ძველი ელექტრომობილი ახალ ელექტრომობილზე, ხოლო 34.3%-მა მეორადზე გაცვალა. 26 აპრილის მონაცემებით, ეს რიცხვები, შესაბამისად, 35.4%-მდე და 44.5%-მდე გაიზარდა.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ელექტრომობილების მიმართ ინტერესი, მიუხედავად შეღავათებისა და სხვა წამახალისებელი პროგრამების გაუქმებისა, მაინც იზრდება. ანალიტიკოსები მომხმარებელთა მხრიდან ელექტრომობილებზე გადასვლის მთავარ ფაქტორად ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების ზრდას ასახელებენ. AAA-ს მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 44%-ითაა გაზრდილი.

თუმცა Edmunds-ის წარმომადგენლების განცხადებით, იმაზე საუბარი, რომ ელექტრომობილებზე გადასვლის ტენდენცია გრძელვადიან პერიოდში მყარად შენარჩუნდება, ჯერ ნაადრევია. მათივე თქმით, მომავალი დაახლოებით სამი თვის სურათი უფრო სწორი შეფასებების საშუალებას მოგვცემს — თუნდაც იმის თქმისთვის, რომ მომხმარებლები თავს „იმ დონეზე ფინანსურად შევიწროებულად გრძნობენ“, რომ მათთვის ელექტრომობილები საუკეთესო გამოსავალია.

„ექვსი თვის თავზე კი [ელექტრომობილები] კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მიიზიდავს — იმ მომხმარებლებს, რომელთაც უბრალოდ ყელში ამოუვათ ეს მდგომარეობა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ სხვა ხარჯებიც გაეზრდებათ“, — აცხადებენ Edmunds-ში.

Cox Automotive-ის ანალიტიკოსის, ერინ კიტინგის თქმით, ახალი ავტომობილების საშუალო ფასი $50 000-ის ფარგლებშია. მისივე აღნიშვნით, მყიდველთა უმეტესობას ის პირები შეადგენენ, რომლებიც ისედაც ეძებდნენ ახალ მანქანას. მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ადამიანი, რომელსაც იდეალურ მდგომარეობაში მყოფი მანქანა ჰყავს, ახალი ავტომობილის შეძენაზე ფიქრს არ დაიწყებს.

შედეგად, მხოლოდ საწვავის ფასების ზრდა მსგავსი ხარჯებისთვის — რასაც ახალი ავტომობილის მაღალი ფასი და, პლუს, საპროცენტო განაკვეთები ემატება — ელექტრომობილებზე გადასვლისთვის საკმარისი მოტივაცია არ იქნება.

ის ასევე საუბრობს განსხვავებაზე 2008 წლის კრიზისთან შედარებით და აცხადებს, რომ ამჟამად მომხმარებლებში მსგავსი „პანიკა“ არ შეინიშნება, განსხვავებით 2008 წლისა, როდესაც ბენზინი გაძვირდა და მძღოლებმა დიდი SUV-ებიდან ეკონომიურ სედანებზე დაიწყეს გადასვლა. ელექტრომობილებზე მოთხოვნა კი, ზრდის მიუხედავად, ისეთი მაღალი არაა, რომ პიკს აღწევდეს ან დილერებთან რიგები იდგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები