კარბონის ძარა და 500 ცხ.ძ-იანი ტვინ-ტურბო | იდეალური Porsche 964?
ეს პროექტი ერთმანეთში აერთიანებს სტილს, სალონის, შასისა და წარმადობის მოდიფიკაციებს, რის შედეგადაც მივიღეთ თანამედროვე და შესაძლოა იდეალური 964-იც...
იმ ტიუნერების სია, რომლებიც მზად არიან კარგ მდგომარეობაში მყოფ 964-ს ხელი შეავლონ, კიდევ უფრო გაიზარდა. გერმანული Pogea Racing-ი უახლესი კომპანიაა, რომელიც Porsche-ს „რესტომოდების“ (რეტრო-მოდიფიკაციების) რინგზე გამოვიდა და საზოგადოებას საგულდაგულოდ განახლებული 911 შესთავაზა. ინდივიდუალური ინტერიერი, უფრო აგრესიული შასი და ოპოზიტური 6-ცილინდრიანი ძრავის სამი გაუმჯობესებული ვერსია — ეს ის კომპონენტებია, რომლებიც ამ პროექტის საფუძვლად იქცა.

ყოველი პროექტი იწყება დონორი 964-ით, რომელსაც ძარამდე შლიან სრული რესტავრაციისა და ციფრული სკანირებისთვის. მას შემდეგ, რაც შასის ზომებს ზუსტად აზომავენ, გააძლიერებენ და დაამტკიცებენ, გუნდი მას მთლიანად კარბონისგან დამზადებულ ძარაში „ფუთავს“.

ავტომობილის ფორმა კლასიკური 964-ის სილუეტს ინარჩუნებს, თუმცა მასზე თანამედროვე დეტალებია დაშენებული. მათ შორისაა ახალი 992.2 თაობის GT3-ის სტილის წინა ბამპერი და განიერი ძარა, რომელიც 911 Turbo-ს ხაზიდანაა გადმოტანილი. უკანა ფრთები დაახლოებით 8.8 სანტიმეტრითაა გაფართოებული და მასში მოთავსებულია ფუნქციური ჰაერმიმღებები, რომლებიც ჰაერით გაგრილებად ოპოზიტურ ძრავს კვებავს. ვენტილირებადი ძრავის საფარი კი საკმაოდ დიდ უკანა ფრთას უკავშირდება.
PR964-ის შეძენის მსურველებს არჩევანის თავისუფლება აქვთ ოპოზიტურ 6-ცილინდრიან ძრავებს შორის:
-
3.6-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა — შექმნილია პურისტებისთვის, რომელთაც აქსელერატორის მყისიერი რეაგირება სურთ. ეს უკანასკნელი 305 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
-
3.6-ლიტრიანი ტურბო-ძრავი — დაახლოებით 400 ცხენის ძალის გამომუშავებით.
-
4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო — ფლაგმანური ვერსია 500 ცხენის ძალით.
ძრავის ტესტირებასა და კალიბრაციას Pogea Racing-ი შვეიცარიულ კომპანია EGMO-სთან პარტნიორობით ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ ძრავას აირჩევს მფლობელი, დაკიდებისა და სამუხრუჭე სისტემების მასშტაბურ მოდიფიკაციას ის ყველა შემთხვევაში მიიღებს. კომპლექტაციაში შედის KW Clubsport-ის რეგულირებადი ხრახნიანი ამორტიზატორები და უფრო დიდი ზომის კარბონ-კერამიკული მუხრუჭები, რომლებიც სპეციალურად დამზადებული მსუბუქი დისკების მიღმა იმალება.
რაც შეეხება ინტერიერს, ის თითქმის სრულად, კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად ტრანსფორმირდება. სადემონსტრაციო ვერსიაში გამოყენებულია შავი ტყავის სალონი თეთრი და წითელი აქცენტებით. კაბინაში ასევე ვხვდებით თანამედროვე სპორტულ სავარძლებს, სამქიმიან საჭეს, ალუმინის გადაცემათა კოლოფის სახელურს, კარბონის დეტალებს, წონის შემცირების მიზნით კი უკანა სავარძლები საერთოდ ამოღებულია.

Pogea Racing-ის განცხადებით, ყოველი PR964 ინდივიდუალური შეკვეთით მზადდება. ფასი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მოდიფიკაციების მასშტაბიდან და ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, მას დაბალი ღირებულება ნამდვილად არ ექნება.