„ახალი Luce ისეთი უშნოა, ჩინელებიც არ დააკოპირებენ“ — Ferrari-ს ყოფილი CEO
საავტომობილო სამყაროში ახალი მოდელების პრეზენტაციები აზრთა სხვადასხვაობას ხშირად იწვევს, თუმცა Ferrari Luce-ს შემთხვევა განსხვავებულია — ამ შემთხვევაში ყველა ვთანხმდებით, რომ მოდელი, უბრალოდ, კატასტროფულად გამოიყურება... ჯერ კიდევ თებერვალში, iPhone-ის ლეგენდარულმა დიზაინერმა ჯონი აივმა გაგვაფრთხილა, რომ მის მიერ შექმნილი ელექტრომობილი სკანდალური იქნებოდა, თუმცა, ალბათ, ამ მასშტაბის კრიტიკას ისიც კი არ ელოდა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
სულ რამდენიმე თვის წინ, კრიტიკოსები Luce-ს ინტერიერს აქებდნენ — დიზაინერულმა სააგენტო LoveFrom-მა (რომელსაც ჯონი აივი ხელმძღვანელობს) უარი თქვა თანამედროვე ავტომობილებში არსებულ სენსორულ პანელებზე და სალონი ფიზიკური ღილაკებით, გადამრთველებითა და ტრადიციული ბერკეტებით აავსო. თუმცა, თუ კაბინა მშვენიერი გამოვიდა, ექსტერიერზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ავტომობილის დიზაინით აღშფოთებულია თავად ლუკა დი მონტეძემოლოც, რომელიც ბრენდს 1991-დან 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა და Ferrari-ს ოქროს ხანა შექმნა.
La #Ferrari Luce non è proprio piaciuta a #Montezemolo pic.twitter.com/yFBb76XOTP
— askanews (@askanews_ita) May 26, 2026
„ბოლომდე რომ ვთქვა, რას ვფიქრობ, ამით Ferrari-ს ვატკენ. ჩვენ ლეგენდის განადგურების რისკის წინაშე ვდგავართ და ეს გულს ძალიან მტკენს. იმედი მაქვს, ამ მანქანას ყალყზე შემდგარ ცხენს მაინც მოაშორებენ... ეს ნამდვილად არის ის იშვიათი ფერარი, რომლის კოპირებასაც ჩინელებიც კი არ იკადრებენ!“, — განაცხადა იტალიურ გამოცემა Askanews-თან საუბარში მონტეძემოლომ.
ეს უკანასკნელი ფრაზა აშკარა ირონიული მინიშნება იყო კომპანია Xiaomi-ზე, რომელმაც გასულ წელს გამოუშვა თავისი YU7 SUV, რომელიც Ferrari Purosangue-ს ძალიან ჰგავს.

 
ახალი მოდელით შოკირებულია იტალიის ვიცე-პრემიერი და ტრანსპორტის მინისტრი მატეო სალვინიც, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ეს საერთოდ არ ჰგავს ფერარის. ეს უნდა იყოს ინოვაცია? ნეტავ რას იტყოდა ამაზე თავად ენცო ფერარი.“

კრიტიკამ მომენტალურად იმოქმედა საფონდო ბირჟაზეც — Luce-ს პრეზენტაციიდან მალევე, ფერარის აქციები იტალიაში 8.4%-ით, ხოლო აშშ-ში 5.1%-ით დაეცა. მარანელოში იმედოვნებენ, რომ ეს მოდელი ახალი თაობის მდიდარ, ეკომეგობრულ მყიდველებს მიიზიდავს, თუმცა რამდენად გაამართლებს ეს რადიკალური ექსპერიმენტი, ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ასევე იხილეთ: Ferrari-ს აქციების ფასი Luce-ს წარდგენის შემდეგ დაეცა | „ბაზარმა თავისი სიტყვა თქვა“