იუთუბერებმა Ford-ის 7.3-ლიტრიანი დიზელის ძრავის გასაფუჭებლად ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ უშედეგოდ...
ავტოსამყაროში ყველას უყვარს ისეთი ისტორიები, სადაც აშკარა აუტსაიდერი წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უმკლავდება — იქნება ეს როკი ბალბოა თუ დავითისა და გოლიათის ბრძოლა. თუმცა, როდესაც საქმე ლეგენდარული 7.3-ლიტრიანი Ford Power Stroke დიზელის ძრავის განადგურების მცდელობას ეხება, ეს აგრეგატი ნამდვილ გოლიათად გვევლინება, მისი „მკვლელები“ კი მიზნის მიღწევას უშედეგოდ ცდილობენ.
ასევე იხილეთ: რომელია 10 ყველაზე გამძლე ძრავა ისტორიაში? (ნაწილი 1)
Smith’s Diesel Performance-ის ბიჭებმა ხელში ძველი Ford E-Series ფურგონი ჩაიგდეს, რომელიც, როგორც ჩანს, მთელი გულით სძულთ. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ იუთუბერები უკვე კვირებია ცდილობენ ამ მანქანის ძრავის საბოლოოდ მოკვლას — აჭმევენ ყველაფერს დიზელის გარდა და საშინელი ხარისხის ზეთებს ასხამენ, თუმცა Power Stroke მუშაობას მაინც ჯიუტად აგრძელებს.
რა თქმა უნდა, შეიძლება ვიკამათოთ, რომ ასეთი კარგი ძრავის ამგვარად გაფუჭება რესურსის ფუჭი ფლანგვაა, მაგრამ ამ მძიმე გამოცდის შედეგები ნებისმიერ ავტოენთუზიასტს გააოცებს.
პირველ ექსპერიმენტში მათ ფურგონის ავზში 10 გალონი ბენზინი ჩაასხეს. ვინაიდან შიგნით ცოტა დიზელი კიდევ იყო დარჩენილი, 7.3-ლიტრიან გიგანტს ოდნავადაც არ „დაუწუწუნია“. ძრავამ მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძო და არც მაშინ შეუწყვეტია გრგვინვა, როდესაც ავზში მეორადი ძრავის ზეთისა და გადაცემათა კოლოფის სითხის ნაზავი დაამატეს.

შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო რადიკალური იყო — მუშაობის პროცესშივე ძრავა სრულად დაცალეს ქარხნული ზეთისგან და ის დაბალი სიბლანტის მქონე 5W-20-ისა და მეორადი 75W-90 ტრანსმისიის ზეთის ნაერთით ჩაანაცვლეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ძრავები სპეციფიკურ HEUI ინჟექტორებს იყენებენ (სადაც ზეთის წნევა და ბლანტე პირდაპირ განსაზღვრავს საწვავის მიწოდებას), ეს თეორიულად მყისიერი სიკვდილის ტოლფასი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ფურგონი მხოლოდ ერთი წამით ჩაქრა, ხელახალი დაქოქვის შემდეგ კი იმაზე უფრო რბილადაც კი აზუზუნდა, ვიდრე მანამდე.

ყველაზე სასტიკი კი ბოლო გამოცდა გამოდგა, თუმცა ის საკუთარი თვალით უნდა ნახოთ... წამების ფინალი E85 ტიპის ეთანოლის სუფთა სახით ჩასხმა გახდა. ხმა საშინელი იყო, ძრავა ჩაქრა და ყველამ იფიქრა, რომ ის დამარცხდა, თუმცა მეორადი ზეთისა და ბუსტერის მორიგი დოზის მიღების შემდეგ, ის მკვდრეთით აღდგა.
ერთი სიტყვით, ლეგენდამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა...