ბრაზილიელმა მილიონერმა Bentley-ს დამარხვა გადაწყვიტა, რათა ავტომობილი საიქიოშიც ემართა
ბრაზილიელ მილიონერს, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი $416 000-იანი Bentley Continental Flying Spur-ის მიწაში დამარხვას გეგმავდა, რათა ის საიქიოშიც ემართა, თავს საზოგადოების მკაცრი კრიტიკა დაატყდა. თუმცა მოგვიანებით, როდესაც ამის რეალური მიზეზი გახდა ცნობილი, ეს რეაქციაც რადიკალურად შეიცვალა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბრაზილიელმა ბიზნესმენმა, ჩიკინიო სკარპამ საკუთარ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ეგვიპტელი ფარაონებისთვის გეგმავდა მიბაძვას. მილიონერს თავისი საყვარელი და თან ძვირად ღირებული ავტომობილის დამარხვა სურდა, რათა „იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც“ შეძლებოდა მისი მართვა.

ამ განცხადებამ, გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა მილიონერმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანდა, თუ როგორ თხრიდა Bentley-სთვის საკუთარი სახლის ეზოში ექსკავატორი გიგანტურ ორმოს. ინტერნეტსივრცის მომხმარებლები ბიზნესმენის ეგოიზმით განრისხებულნი იყვნენ და მას მოუწოდებდნენ, დამარხვის ნაცვლად ავტომობილი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოეყენებინა.
თუმცა სკარპა არც აქ გაჩერდა და ავტომობილის „დაკრძალვის“ დაგეგმილ დღეს პრესკონფერენციაც გამართა. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ეს შოუ სულ სხვანაირად წარიმართა. პრესკონფერენციაზე მილიონერმა გაამხილა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი კამპანია იყო, რომელიც ბრაზილიაში ორგანოების დონაციის ეროვნულ კვირეულს ეძღვნებოდა.

მის უკან დიდი ბანერი იყო გაკრული წარწერით: „ბევრად უფრო აბსურდულია დამარხო ის, რაც ბენტლიზე ათასჯერ უფრო ძვირფასია: შენი ორგანოები“. ხელში კი ბარათი ეჭირა წარწერით: „მე ორგანოების დონორი ვარ. შენ?“
ასევე იხილეთ: ჩინეთში მამაკაცი 160 000-დოლარიანი ავტომობილით დაკრძალეს
მიუხედავად იმისა, რომ სკარპას შემთხვევა უბრალოდ პიარკამპანია აღმოჩნდა, ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც მძღოლებმა ავტომობილები მართლაც თან წაიყოლეს. მათ შორის გვახსოვს შემთხვევა, როდესაც ჩინელი მამაკაცი, რომელიც ფუფუნების საგნებისა და ავტომობილების დიდი მოყვარული იყო, შვილებმა გარდაცვალების შემდეგ ნამდვილი Mercedes-Benz S450L-ით დაკრძალეს.