რუსეთი, ჩინეთი, აუდი ა8, ბიემვი მეშვიდე სერია, ჰონგცი, მერსედეს ეს კლასი
Aa
Aa

ყველაზე ძვირად ღირებული ჩინური ავტომობილი რუსეთში | ფასი ნახევარ მილიონს აღწევს

ბოლო პერიოდში რუსეთი ავტომობილების შიდა წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული და ძველი, „ლეგენდარული“ მოდელების გაცოცხლებასაც არ ერიდება. თუმცა, ამ ძალისხმევის მიუხედავადაც, ქვეყანაში უცხოური ავტომობილების იმპორტი არ წყდება და, რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა ბიუჯეტური ჩინური მოდელებია. მაგრამ იმავეს თქმა გაგვიჭირდება ბაზრის ახალ მოთამაშეზე, Hongqi-ზე, რომელიც წარსულში ექსკლუზიურად ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის აწარმოებდა ლიმუზინებს.

ასევე იხილეთ: „ვოლგა“ ბრუნდება? | მთავარი მხარდამჭერი ჩინური ავტომწარმოებელია

Hongqi, რომელიც „წითელ დროშად“ ითარგმნება, ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი საავტომობილო ბრენდია. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ახალი კომპანიების გამოჩენასთან ერთად, თითქოს ცოტა არ იყოს და, უკანა ფლანგზე გადასვლა მოუწია. ამ მიზეზით, Hongqi-მ სტრატეგიულ სვლას მიმართა და თავისი ფლაგმანი სედანი, სახელწოდებით Guoya, რუსეთში გაგზავნა. რუსეთს კი, მოგეხსენებათ, ოლიგარქები არ უჭირს — თან ისეთი ოლიგარქები, ფულთან ერთად საეჭვო გემოვნებაც რომ აქვთ.

Guoya-ს მთავარი მიზანი ისეთი გერმანული ავტომობილებისთვის კონკურენციის გაწევაა, როგორებიც Mercedes S-Class-ი, BMW 7 Series-ი და Audi A8 გახლავთ. ამაზე ჩინური ავტომობილის ზომებიც მეტყველებს: სიგრძე 5 353 მმ, სიგანე 1 998 მმ, სიმაღლე 1 511 მმ, ხოლო თვლების ბაზა 3 260 მმ.

მყიდველებს არჩევანის გაკეთება ორი შეთავაზებული მოდელიდან შეუძლიათ: საბაზისო ვერსია Elegance V6, რომლის ფასიც დაახლოებით 27.7 მილიონი რუბლია (მიმდინარე კურსით დაახლოებით $389 000), ხოლო Imperial V8, რომელიც საბაზისო მოდელზე მაღალი კლასისაა, 31.7 მილიონი რუბლი (დაახლოებით $445 000) ღირს. ეს რიცხვები ნებისმიერი თვალსაზრისით მაღალია, განსაკუთრებით კი ჩინეთის შიდა ბაზრის გათვალისწინებით, სადაც Guoya-ს საწყისი ფასი 1.4 მილიონი იუანია (დაახლოებით $207 000).

სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, რუსი მძღოლები, რომელთაც სურთ Guoya-ს მართვის პრივილეგია ჰქონდეთ, ამ მოდელისთვის თითქმის ორჯერ მეტს გადაიხდიან. შედეგად კი, Guoya ყველაზე ძვირად ღირებული ახალი ჩინური ავტომობილია, რაც კი ოდესმე რუსეთში გაყიდულა.

როგორც სახელიდან ჩანს, Elegance V6-ში ჩინელებმა 3-ლიტრიანი ტურბოჩარჯერიანი ჰიბრიდული V6 ძრავა ჩადგეს, რომელიც კომბინირებულ 380 ცხენის ძალასა და 570 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული, შედეგად, ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 5.5 წამში ჩქარდება. ხოლო მისი პრემიუმ ვერსია — Imperial V8, 4-ლიტრიანი ტურბოჩარჯერიანი ჰიბრიდული V8 ძრავითაა აღჭურვილი, 476 ცხენის ძალასა და 680 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-მდე ავტომობილს 4.5 წამში ჩქარდება. ორივე ვერსია სრულად ამძრავია.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

როგორც ირკვევა, რუსეთში ექსპორტირებულ მოდელში რაიმე შესამჩნევი ცვლილება არ განხორციელებულა. ექსტერიერის დიზაინი უცვლელი დარჩა, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილს ისევ აქვს მასიური ქრომირებული წინა ცხაური და მდიდრული იერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები