რუსეთი, ჩინეთი, ჩანგანი, ვოლგა
Aa
Aa

„ვოლგა“ ბრუნდება? | მთავარი მხარდამჭერი ჩინური ავტომწარმოებელია

რუსეთის საავტომობილო ინდუსტრია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ოთხი წლის წინ, უკრაინაში შეჭრამდე იყო. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ბაზარი არაერთმა დასავლურმა ავტომწარმოებელმა დატოვა, რუსეთმა კი მათი ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით გადაწყვიტა. თუმცა, ზედმეტი დრო არ უნდა დავხარჯოთ იმის ახსნაზე, თუ რამდენად რთულია ამ გეგმის სისრულეში მოყვანა.

ადგილობრივი წარმოების „ზრდასთან“ ერთად, უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ბაზარზე მრავლად გაჩნდა ჩინური წარმოების — ან ჩინეთიდან შესული — ავტომობილები. როგორც დასავლური გამოცემები წერენ, მალე შესაძლოა რუსეთში „ვოლგა“ დაბრუნდეს, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერიც თავად ჩინეთია.

სახელი „ვოლგა“ პირველად 1950-იან წლებში გახდა ცნობილი და მისი ფლობა, ძირითადად, მდიდარი ფენის პრივილეგია გახლდათ. Gorky Automobile Plant-მა (GAZ) პირველი მოდელი 1956 წელს გამოუშვა, წარმოება კი 2010 წელს, Volga Siber-ით დასრულდა. მიზეზად დაბალი მოთხოვნა და ფინანსური ხარჯები დასახელდა.

ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ „ვოლგას“ სახელი საბოლოოდ ბრუნდება. ბრენდი ამჟამად ჩინური კომპანიის, Changan-ის კონტროლქვეშაა. ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში სამი განსხვავებული სტილის ავტომობილი წარადგინეს: K30, X5 Plus და K40. სამეულში ორი კროსოვერი და ერთი სედანი შედიოდა, თითოეული მათგანი კი Changan-ის ბაზაზეა აწყობილი.

ახლა კი, როგორც ჩანს, ჩინურ საკუთრებაში არსებული Volga მზადაა ბედი ხელახლა სცადოს. უკვე გამოჩნდა ახალი რუსულენოვანი ვებგვერდი და გამოქვეყნდა ორი თიზერიც. ვიდეოში ნაჩვენები ავტომობილი 2024 წელს წარმოდგენილ ერთ-ერთ კროსოვერს წააგავს, თუმცა მცირე ვიზუალური ცვლილებებით. ცნობების თანახმად, მას კიდევ ორი მოდელი დაემატება.

მეორე თიზერში ყურადღება სალონის დიზაინზეა გამახვილებული; ნაჩვენებია ახალი ავტომობილის ბრტყელძირიანი საჭე, ციფრული ხელსაწყოთა პანელი და დიდი ცენტრალური საინფორმაციო-გასართობი ეკრანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები