Mazda CX-5-ის მძღოლი ნავიგაციას ბრმად ენდო და რკინიგზის მუშაობა რამდენიმე საათით შეაფერხა
ნავიგაციის მიყოლისას გზის აბნევა ალბათ ბევრ ჩვენგანს გამოუცდია, თუმცა ძალიან ცოტა თუ აღმოჩენილა ისეთ აბსურდულ და სახიფათო სიტუაციაში, როგორშიც გასულ სამშაბათს სიეტლში მცხოვრები ერთი ხანდაზმული ქალბატონი აღმოჩნდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მძღოლი იმდენად ბრმად ენდო სანავიგაციო სისტემას, რომ მანქანით პირდაპირ მატარებლის ლიანდაგებზე შევიდა, რამაც მთელი სარკინიგზო ხაზის მუშაობის რამდენიმე საათით სრულად პარალიზება გამოიწვია.
View this post on Instagram
შემთხვევა საღამოს საათებში, Mount Baker-ის სადგურის სიახლოვეს, Sound Transit-ის პირველ ხაზზე მოხდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი Mazda CX-5 საერთოდ არ არის გათვლილი რელსებზე სასიარულოდ, ქროსოვერი საოცარი სიმტკიცით მიიწევს წინ მანამ, სანამ საბურავით ლიანდაგიდან არ გადადის და საბოლოოდ არ იჭედება.
მაშველების მისვლისას ქალბატონი უკვე გადმოსული იყო ავტომობილიდან. პოლიციის ცნობით, ის ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, თუმცა იყო უკიდურესად დაბნეული და დასმულ შეკითხვებს უჩვეულოდ დიდხანს პასუხობდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს დეტალური შემოწმებისთვის.
View this post on Instagram
ამ უცნაური „სარკინიგზო ვოიაჟის“ გამო, კომპანიას მოუწია საღამოს 6 საათიდან სასწრაფოდ შეეჩერებინა მატარებლების მიმოსვლა რამდენიმე ცენტრალურ სადგურს შორის, მგზავრების გადასაყვანად კი დროებითი ავტობუსები ჩაეშვა. ლიანდაგების გათავისუფლება და მოძრაობის სრული აღდგენა მხოლოდ გვიან ღამით, დაახლოებით 22:30 საათისთვის მოხერხდა. ყველაზე კარგი ამბავი კი ის არის, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.