კემპერი Toyota Land Cruiser-ის ბაზაზე, რომელშიც 4 ადამიანი თავისუფლად იცხოვრებს
ზოგისთვის კემპინგი მისაბმელიანი სახლის ბუქსირებასთან და უახლოეს სპეციალიზებულ ბანაკში წასვლასთან ასოცირდება. თუმცა, ზოგისთვის ეს ნიშნავს, რომ პიკაპის ძარაზე კარავი და პორტატიული გაზქურა შეაგდონ, ჰორიზონტისკენ აიღონ გეზი და უბრალოდ ნახონ, რა მოხდება.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
სამხრეთაფრიკული კომპანია Bushwakka-ს ახალი ქმნილება, სახელად Kamelback 4, ზუსტად ამ ორ ფილოსოფიას შორის თავსდება. ის ლეგენდარულ Toyota Land Cruiser 79 Series-ის ორკაბინიან პიკაპს სრულფასოვან, ავტონომიურ საექსპედიციო მანქანად აქცევს, თანაც ისე, რომ უკან არაფრის ბუქსირება არ დაგჭირდებათ.

მწარმოებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ არის უბრალო მოდული, რომელიც ძარაზე მაგრდება. მათ მთლიანად მოხსნეს პიკაპის უკანა პლატფორმა და ჩარჩოზე პირდაპირ საგანგებოდ შექმნილი, ალუმინისგან დამზადებული საცხოვრებელი ბლოკი დაამონტაჟეს.
სივრცე მთელი ოჯახისთვის
კომპანიის წინა მოდელებთან შედარებით, ყველაზე დიდი ინოვაცია ტევადობაა. თუ ძველი ვერსია წყვილებისთვის იყო განკუთვნილი, Kamelback 4-ში უკვე ოთხ ადამიანს შეუძლია კომფორტულად ძილი. ეს შესაძლებელი გახდა ორდონიანი სისტემით: ერთი ორადგილიანი საწოლი გვერდიდან იშლება, ხოლო მეორე ინტეგრირებულია Pop-up სახურავში.

საცხოვრებელ სივრცეს მნიშვნელოვნად ზრდის სრული სიმაღლის უკანა კარი, რომლის წყალობითაც მოდულში შესვლისას ადამიანს თავისუფლად, გამართულად დგომა შეუძლია, რაც კომპაქტური ოფროუდ-კემპერების კლასში დიდი იშვიათობაა. ბანაკის გაშლისას სახურავი მაღლა იწევს, საძინებელი ზონები იშლება, ხოლო სტანდარტული 180-გრადუსიანი ტენტი მანქანის გარშემო მზისგან და წვიმისგან დაცულ დიდ გარე სივრცეს ქმნის.
Bushwakka-ს არც პრაქტიკული დეტალები გამორჩენია. კემპერი აღჭურვილია ყველაფრით, რაც ველურ ბუნებაში გადასარჩენად და კომფორტისთვის არის საჭირო — სამზარეულო 4 ადამიანზე: სრულად დაკომპლექტებული ჭურჭლით, პორტატიული ორკომფორიანი გაზქურით, ბამბუკის სამუშაო ზედაპირითა და 90 ლიტრამდე მოცულობის მაცივრისთვის განკუთვნილი ადგილით. ასევე, ადგილზეა 90-ლიტრიანი ავზი ცხელი წყლის სისტემით. ასევე შესაძლებელია გარე წყლის წყაროს მიერთება, რათა შიდა რეზერვები დაზოგოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლენდ კრუიზერი სრულ ენერგოავტონომიასაც გვთავაზობს — ლითიუმის ბატარეების სისტემას ინვერტორით, დამუხტვით, მრავალმხრივი როზეტებითა და სახურავზე დამონტაჟებული 380W-იანი მზის პანელებით. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ შვებულების დღეები უფრო ადრე დაგემთავრდებათ, ვიდრე ელექტროენერგია.

ეს საექსპედიციო მოდული იაფი ნამდვილად არ არის — მისი ფასი დაახლოებით 33 300 დოლარიდან იწყება, და ესეც იმ შემთხვევაში, თუ დონორ Toyota Land Cruiser 79-ს თავადვე მიიყვანთ.