Pimp My Ride-ის მოდიფიცირებული Ford Taurus-ი ნაგავსაყრელზე იპოვეს
1989 წლის Ford Taurus-ი, რომელიც წლების წინ ლეგენდარული გადაცემის, Pimp My Ride-ის საშუალებით განაახლეს, ცოტა ხნის წინ სამხრეთ კალიფორნიაში, Pick Your Part-ის ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს. გამოცემა The Drive-ის ინფორმაციით, ეს ზუსტად ის სედანია, რომელიც რეპერ Xzibit-ის შოუს მეოთხე სეზონის 37-ე ეპიზოდში ვიხილეთ.
იმავეზე მიუთითებს Pick Your Part-ის ჩანაწერები, სადაც ნაგავსაყრელზე მიტოვებული მოდელი 1989 წლის Ford Taurus-ადაა მითითებული. ყველაზე საინტერესო კი ალბათ ისაა, რომ მიუხედავად განახლებიდან თითქმის 20 წლის გასვლისა, Ford-ი კვლავ ინარჩუნებს საღებავსა და აქსესუარებს, ასევე West Coast Customs-ის ეპოქის სტილს.

Ford Taurus-ი ცნობილ სატელევიზიო გადაცემაში 2005 წელს გამოჩნდა, არცთუ ისე შესაშურ მდგომარეობაში. ავტომობილი ახალგაზრდა პირს ეკუთვნოდა, რომელსაც კასკადიორობა სურდა და ჰოლივუდური წარსულიც ჰქონდა. მაგალითად, კასკადორული ეპიზოდური როლებისთვის ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორებიცაა City of Angels, Jingle All the Way და ა.შ.
ასევე დაგაინტერესებთ: გახსოვთ Pimp My Ride? | გადაცემაში თითქმის ყველაფერი დადგმული იყო
ავტომობილის ნაგავსაყრელზე აღმოჩენისთანავე, ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში. მაღალი ინტერესი კი გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან ეს სწორედ ისეთი სტილის მოდელია, ყველას რომ ძალიან უყვარს: ცნობილი, ძველი, უცნაური და ცოტა არ იყოს, სასაცილოც კი. ამასთან ერთად კი, როგორც The Drive აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხნის წინანდელია ეს მოდელი, მასზე საღებავი და გარე აქსესუარები მაინც კარგადაა შენარჩუნებული.

უნდა ითქვას ისიც, რომ 1989 წლის Taurus-ი ამერიკის საავტომობილო კულტურის საკმაოდ წონიანი ფიგურა გახლდათ მანამდეც, სანამ მას MTV გადააკეთებდა. სწორედ ამ მოდელს უნდა ვუმადლოდეთ ამერიკული საოჯახო ავტომობილების უინტერესო სტილისგან გათავისუფლებას.
1989 წლისთვის Ford-მა ლეგენდარული Taurus SHO-ც შექმნა — ეს უკანასკნელი Yamaha-ს შექმნილი 3-ლიტრიანი V6 ძრავით, 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და 220 ცხენის ძალით იყო აღჭურვილი. თუმცა ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი მოდელი SHO-ს ვერსია არ გახლავთ, ის Taurus-ის სტანდარტული ვერსიაა ტელევიზიისთვის დამახასიათებელი გადაჭარბებული „ტუნინგით“.
ისტორია კი თითქმის იგივეა, რაც Pimp My Ride-ის სხვა მოდიფიცირებული ავტომობილების შემთხვევაში და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გადაცემა უბრალო მანქანებს იღებდა და მათ დიდი ოსტატობით ხშირად „გამოუყენებელ“ პროექტადაც კი აქცევდა.