წარმოება, ტოიოტა, ავტოწარმოება, ტოიოტა ლენდ კრუიზერი
Aa
Aa

Toyota-ს ახალი პრობლემა აქვს: კომპანია ზედმეტად ბევრ მოდელს აწარმოებს

Toyota-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, კენტა კონი, ხარჯების შემცირებას მოდელების ბაზის „გაცხრილვით“ გეგმავს.

10 536 807 — სწორედ ამდენი ერთეული ავტომობილი გაყიდა გასულ წელს Toyota-მ და, რა თქმა უნდა, ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის სტატუსიც შეინარჩუნა. 2025 წელს მოთხოვნა 3.7%-ით გაიზარდა, შედეგად, იაპონურმა კომპანიამ ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა მსოფლიო გაყიდვების ლიდერის სტატუსი.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

თუმცა, მსგავსად დიდი რიცხვებიც კი, როგორც ჩანს, ყოველთვის მაქსიმალურ მოგებას არ ნიშნავს. არსებობს შემთხვევები, თან საკმაოდ ხშირი, როდესაც კომპანიები ბევრად ნაკლები პროდუქციის მიწოდებითაც კი დიდ მოგებას იღებენ. მთავარი, რა თქმა უნდა, სწორი სტრატეგიაა.

Toyota-ს ახლად დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი განიხილავს გზებს, თუ როგორ შეამციროს კომპანიის ხარჯები და ამის ერთ-ერთ ეფექტიან გზად სწორედ ავტომწარმოებლის ასორტიმენტის „გაცხრილვას“ მიიჩნევს. კენტა კონმა, რომელიც პოსტზე 2026 წლის 1 აპრილს დაინიშნა, კვლევისა და განვითარების ცენტრების მონახულების შემდეგ თქვა, რომ მთავარ პრობლემას მიაკვლია — კომპანიის ინჟინრები ზედმეტად ბევრ სხვადასხვა მოდელსა და ვერსიაზე მუშაობენ, რის გამოც „გაფანტულები“ არიან.

ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რომელ მოდელებს გაწირავს ხარჯების შემცირებისთვის Toyota-ს ახალი აღმასრულებელი, თუმცა პირველი მსხვერპლი უკვე გვყავს. კომპანიამ Lexus LF-ZC-ის პროექტი შეაჩერა, მიზეზად კი ბაზარზე არასტაბილური მოთხოვნა და წარმოების მაღალი ხარჯები დაასახელა. კომპანიამ მიიჩნია, რომ ის ხარჯი, რაც ამ მოდელზე უნდა გაეწიათ, შედეგების მიღების შემდეგ ფინანსურად გამართლებული ვერ იქნებოდა.

თუმცა, უახლესი პროექტის შეჩერების მიუხედავად, Toyota ძველი ლეგენდარული მოდელების ერთგული რჩება. ერთ-ერთი მათგანია ბევრისთვის საყვარელი და საკულტო Land Cruiser 70 Series-ი. ეს უკანასკნელი ბაზარზე პირველად 1984 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ უკვე 40 წელზე მეტია, რაც განახლებული ვერსიებით კვლავ წარმატებულად იყიდება.

პარალელურად კი, კენტა კონი არც მხოლოდ ელექტრომობილებით გეგმავს Toyota-ს მომავალი საწარმოო ბაზის შეზღუდვას. როგორც ცნობილია, იაპონური კომპანიის მომავალი თაობის მოდელები კვლავ მრავალფეროვანი იქნება და მომხმარებელს ბენზინის ძრავებს, ჰიბრიდებს, plug-in ჰიბრიდებსა და დიზელის ძრავზე მომუშავე მოდელებსაც კი შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები