მერსედეს ბენცი, მერსედეს ბენცი ჯი კლასი, მერსედეს აიემჯი ჯი63, უნიკალური ავტომობილი, ჯი კლასი
Aa
Aa

ალიშა კისს უნიკალური Mercedes-AMG G63 ჰყავს | 585 ცხენის ძალითა და ფერთა უჩვეულო კომბინაციით

17 „გრემის“ მფლობელმა მომღერალმა, ალიშა კისმა, Mercedes-Benz-ის Manufaktur-ის განყოფილების დახმარებით G-Class-ის უნიკალური ვერსია შექმნა. მოდელი მუქი მწვანე ექსტერიერით, კონიაკისფერი ტყავის სალონითა და 585-ცხენისძალიანი V8 ძრავით გამოირჩევა.

ამ უნიკალური G-Class-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ფერთა უჩვეულო კომბინაციაა. ექსტერიერი მუქ მწვანე ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც ქრომირებული ბამპერი და ასევე უჩვეულო დიზაინის, 22-დუიმიანი ალუმინის დისკები ემატება. სალონში კი შავი ფერის ტყავი კონიაკისფერი ტყავის სავარძლებთან არის შეხამებული. მომღერლის თქმით, სწორედ მუქი მწვანე ფერი გახდა გადამწყვეტი, როდესაც არჩევანს ამ მოდელზე აკეთებდა:

 

„მუქი მწვანე ფერი მომწონს, რადგან ძლიერი, მიმზიდველი და გამორჩეულია. ამასთან, ძალიან უხდება კონიაკისფერ ტყავის სავარძლებს“.

ავტომობილის ინტერიერში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია დამატებული: მგზავრის წინ სახელურზე წარწერა „Sun Goddess“ არის ამოტვიფრული. ეს პერსონალური დეტალიზაციის მაგალითია, რომელსაც Mercedes-Benz-ი მომხმარებლებს G-Class-ის განსაკუთრებული ვერსიებისთვის სთავაზობს. თუმცა ამ წარწერის ზუსტი მნიშვნელობა მომღერალს არ განუმარტავს.

ამ განსაკუთრებული დიზაინის მიღმა კი საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემებიც იმალება. გერმანულმა კომპანიამ SUV ტვინტურბო 4-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვა, რომლის სიმძლავრეც 585 ცხენის ძალას უტოლდება. მოდელი მაღალი გამავლობისთვის შესაფერისი შესაძლებლობებით გამოირჩევა, ასფალტზე კი დინამიკური მახასიათებლებით.

უცნობია ალიშა კისის უნიკალური G-Class-ის ღირებულებაც. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტული Mercedes-AMG G 63-ის საწყისი ფასი ევროპაში დაახლოებით 250 000 ევროს ფარგლებშია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ უნიკალური მოდელის შეფასება გაცილებით მაღალი იქნება.

ცნობისთვის, ალიშა კისი Mercedes-Benz-თან 2013 წლიდან თანამშრომლობს. ამ წელს კისმა ბრენდის ფლაგმანი სედანის, S-Class-ის მსოფლიო პრემიერაზე იმღერა. დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ კი S-Class-ის ახალი თაობის წარდგენისას სარეკლამო კამპანიის მთავარი სახეც გახდა. კამპანიაში მასთან ერთად „ფორმულა 1-ის“ შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონიც მონაწილეობდა.

2021 წელს, S-Class-ის ელექტროალტერნატივის, Mercedes-Benz EQS-ის წარდგენისას, სარეკლამო კამპანიაში მომღერალი უკვე ბრენდის გლობალური ელჩის სტატუსით მონაწილეობდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები