საჭის გარეშე დარჩენილი კლარკსონი და უმართავი Cybercab-ი | ჯერემი Tesla-ს ტაქსიმ შეაშინა
Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ყოფილმა წამყვანმა, ჯერემი კლარკსონმა Tesla-ს ავტონომიური ტაქსი, Cybertruck-ი გამოცადა და, როგორც სჩვევია ხოლმე, მის ყველა მინუსზეც ღიად ისაუბრა. ბრიტანელი ტელესახის თქმით, მან Cybercab-ის გამოცდისას ავტონომიური მართვის სისტემის მუშაობაში რამდენიმე საგანგაშო პრობლემა აღმოაჩინა.
კლარკსონმა ტეხასში Cybercab-ით ორჯერ იმგზავრა და ორივე მგზავრობა პრობლემებით დასრულდა. პირველი ავტომობილი მგზავრობის დაწყების წერტილთან ახლოს გაჩერდა და შემდეგ ადგილიდან აღარ დაიძრა. ხმოვანი ასისტენტი კი ამტკიცებდა, რომ ავტომობილი მოძრავ მდგომარეობაში იყო. საბოლოოდ, Tesla-ს წარმომადგენელმა კლარკსონს გამოძახების გაუქმება და სხვა ავტომობილის გამოძახება ურჩია.

მეორე Cybercab-ის შემთხვევაში კი თავიდან მგზავრობა ჩვეულებრივად დაიწყო, თუმცა უკვე მოგვიანებით პრობლემები გაჩნდა. კლარკსონის თქმით, ელექტრომობილმა წითელ შუქნიშნებზე გაიარა და არარსებული დაბრკოლების გამოც რამდენჯერმე მკვეთრად დაამუხრუჭა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ Cybercab-ს საჭე და სატერფულები არ აქვს, შესაბამისად, მგზავრი საჭიროების შემთხვევაში ვერც ჩაერევა.
The Sunday Times-ისთვის მომზადებულ სვეტში კლარკსონმა დაწერა, რომ მგზავრობისას დაახლოებით 10 წუთი მაინც ნამდვილად ეშინოდა, რადგან მხოლოდ ავტომობილის ქცევაზე დაკვირვება შეეძლო. მან ასევე გაიხსენა ერთი დაძაბული მომენტი, როდესაც Cybercab-მა გზაზე სავაჭრო ურიკა ვერ ამოიცნო და საჭირო სისწრაფით რეაგირებაც ვერ შეძლო.

„მომწონდა მასკის თავდაჯერებულობა და Cybercab-ი გარეგნულად მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. თუმცა ლონდონში მათი გამოჩენის შემთხვევაში მის გამოყენებას არ ვისურვებდი“, — წერს კლარკსონი.
ტელეწამყვანის თქმით, მგზავრობის ყველაზე უცნაური ნაწილი დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდგომ იყო. გაჩერების ნაცვლად, Cybercab-ი მოძრაობას აგრძელებდა და მგზავრს ატყობინებდა, რომ გასაჩერებლად უსაფრთხო ადგილს ეძებდა. ამის შემდეგ Cybercab-მა რამდენიმე ადგილი გამოტოვა, რომლებიც კლარკსონის თქმით, გაჩერებისთვის გამოდგებოდა.

ცნობისთვის, Tesla-ს რობოტაქსები მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. კლარკსონის შემთხვევა არც პირველია, როდესაც ვინმემ Cybercab-ის პრობლემებზე ისაუბრა. რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის ბოძებთან შეჯახების შემთხვევები, წარსულშიც დაფიქსირდა.
კლარკსონის გამოცდილება კი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: რამდენად მზადაა ავტონომიური მართვის ტექნოლოგია, რომ ავტომობილს, მძღოლისა და საჭის გარეშე, მგზავრის უსაფრთხოება სრულად ვანდოთ?
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს