ტოიოტა, დაიჰაცუ, სპორტქარი, კეი ქარი, დაიჰაცუ კოპენი
Aa
Aa

Toyota თავის ყველაზე ხელმისაწვდომ სპორტქარს აბრუნებს

გახსოვთ Toyota S-FR? კომპაქტური სპორტული ავტომობილი, რომელიც იაპონურმა კომპანიამ კონცეპტუალური მოდელის სახით 2015 წლის ტოკიოს ავტოშოუზე წარადგინა. მოდელი ფასით ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და თან მსუბუქი და შედარებით მარტივი კონსტრუქციით გამოირჩეოდა. ის უფრო დიდი და ძვირად ღირებული მოდელების ალტერნატივა უნდა ყოფილიყო.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

მიუხედავად ავტომოყვარულებში აღძრული ინტერესისა, Toyota-მ პროექტი სერიულ წარმოებამდე არ ან ვერ მიიყვანა. შედეგად, უკანა წამყვანი სისტემის მქონე კომპაქტური კუპეც იმ კონცეპტუალური ავტომობილების რიგებს შეუერთდა, რომლებიც პერსპექტივის მიუხედავადაც შოურუმებამდე ვერ მივიდნენ.

ახლა კი S-FR-ის დაბრუნების იმედი ხელახლა გაჩნდა, თუმცა სრულიად განსხვავებული ფორმით. იაპონური გამოცემა Response-ის ინფორმაციით, Toyota მოდელის სახელის დაბრუნებას გეგმავს, თუმცა მის საფუძველზე ე.წ. „კეი ქარის“ კატეგორიის, პატარა ზომის, უკანა წამყვანი სპორტული ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ გავრცელებული ცნობები დადასტურდება, არსებობს შანსი, რომ სერიულ მოდელად ის უკვე 2027 წელს ვიხილოთ.

ჭორების მთავარი წყარო Daihatsu-ს ახალი თაობის Copen-ის პროექტია. 2025 წლის Japan Mobility Show-ზე კომპანიამ K-Open-ის კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, რომელიც Copen-ისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ცნობისთვის, წინა წამყვანი Copen-ის წარმოება დასრულებულია.

ახალი კონცეფცია უკანა წამყვანი სისტემითაა აღჭურვილი, რაც ავტომობილს სპორტული მართვისა და მოსახვევებში უკანა ნაწილის მოცურების შესაძლებლობას სთავაზობს.

თუმცა მოდელის სერიულ წარმოებაში ჩაშვებაზე ჯერ დარწმუნებით არაფრის თქმა შეგვიძლია. არც Toyota-ს და არც Daihatsu-ს S-FR-ის ან K-Open-ის სერიულ წარმოებაში ჩაშვების გეგმები ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. თავის მხრივ, საინტერესო მინიშნებაა, რომ ორივე მოდელი ერთმანეთს ზომებით ძალიან ჰგავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ კომპანიები ტექნიკურად ერთმანეთთან დაკავშირებულ ავტომობილებზე მუშაობენ.

იდეა კი ნამდვილად მიმზიდველია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სპორტული ავტომობილები სულ უფრო მძიმე და ტექნოლოგიურად დატვირთული ხდება. როგორც ნავარაუდებია, 660-კუბური სანტიმეტრის (0.66 ლიტრი) ძრავის მქონე, მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და უკანა წამყვანი სისტემით აღჭურვილი პატარა ზომის ავტომობილი კლასიკური სპორტული მანქანების მოყვარულებისთვის საინტერესო ალტერნატივა იქნებოდა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები