პოლონეთის შემდეგ, სამხედრო ბაზაზე შესვლა ჩინურ ავტომობილებს გერმანიაშიც აეკრძალათ
გერმანიის არმიამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და სამხედრო ობიექტების ტერიტორიაზე ჩინური წარმოების ავტომობილების შესვლა შეზღუდა.
ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეზღუდვა ზოგადად „დაკავშირებულ ავტომობილებს“ ეხება და ის მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული ბრენდის, არამედ იმ მრავალრიცხოვანი სენსორებისა და კამერების წინააღმდეგ, რომლებიც თანამედროვე მანქანებშია ინტეგრირებული. ჯარისკაცები, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის ავტომობილებით გადაადგილდებიან, ვალდებულნი არიან მანქანა ბაზის გარეთ დატოვონ და ტერიტორიაზე ფეხით შევიდნენ.
რატომ გახდა კამერები და რადარები საფრთხის წყარო?
როგორც Bloomberg-ის მიერ გავრცელებული კონტრდაზვერვის შეფასებიდან ირკვევა, შეზღუდვის მთავარი მიზეზი ავტომობილებში არსებული მძლავრი ტექნოლოგიური აღჭურვილობაა. კამერები, მიკროფონები, რადარები და ულტრაბგერითი სენსორები, რომლებიც ავტომობილს პარკირებასა და მძღოლის დამხმარე სისტემებში ეხმარება, სამხედრო ბაზის სიახლოვეს ყოფნისას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეებს ქმნის — ჯარის გადაადგილება და ყოველდღიური რუტინა, შესაძლოა, არასასურველი აქტორის ხელში მოხვდეს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკა არ ეხება მხოლოდ ელექტრომობილებს — ის ვრცელდება ნებისმიერ დაკავშირებულ ავტომობილზე, მიუხედავად მისი ძრავის ტიპისა თუ წარმოშობის ქვეყნისა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ჩინურ ბრენდებზეა გამახვილებული. Der Spiegel-ისა და Stuttgarter Zeitung-ის ცნობით, ბაზების ადგილობრივი უსაფრთხოების ოფიცრები წესებს ობიექტიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად ადგენენ — ზონების მიხედვით, ზოგიერთი დაკავშირებული მანქანა შესაძლოა მგრძნობიარე შენობებიდან მოშორებულ პარკინგზე შეუშვან, ზოგიერთ ტერიტორიაზე კი შესვლა სრულიად აიკრძალოს.
გავრცელებული სიები განსაკუთრებით ართულებს სიტუაციას ისეთი კონგლომერატების შემთხვევაში, როგორიცაა Geely, რომლის გერმანული და ევროპული კვალი მხოლოდ საკუთარ ბრენდს არ ცდება. Geely-ს მფლობელობაში ან პარტნიორობაში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Volvo, Polestar-ი, Lynk & Co, Zeekr-ი, Lotus-ი და Mercedes-Benz-თან ერთობლივი საწარმო Smart-ი.

გერმანია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ამ ზომებს მიმართავს — თებერვალში პოლონეთმა უკვე აკრძალა ჩინური წარმოების ავტომობილების შესვლა სამხედრო ობიექტებზე, თუ მათი ვიდეო, აუდიო ან ლოკაციის ჩაწერის ფუნქციები გამორთული არ არის. ოქტომბერში აშშ-ის სამხედროებმა საკუთარი ინიციატივით აკრძალეს პირად მფლობელობაში არსებული BYD-ის ავტომობილების შესვლა ოკინავაში მდებარე Kadena-ს საავიაციო ბაზაზე.
პარალელურად, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ცალკე გადაწყვეტილებაც — ბუნდესვერი სრულად წყვეტს ჩინური წარმოების დრონების გამოყენებას სამხედრო წვრთნებისთვის და მათ გერმანული ან სხვა ევროპული ალტერნატივებით ჩაანაცვლებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს