Zenvo-ს არაადეკვატური 1177-ცხენისძალიანი ჰიპერქარი
ყველაზე გიჟური ფრთის მქონე მანქანა დაგვიბრუნდა!
დანიური ავტომწარმოებლის ჰიპერქარმა Zenvo TSR-S-მა სერიოზული განახლებები განიცადა, მათ შორის ახალი ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი, რომელიც ახლა 1177 ცხენის ძალას აწარმოებს.
TSR-S-ი ნამდვილად ჰიბრიდია, მაგრამ არც ერთ ჰიბრიდულ ჰიპერკარს არ ჰგავს. მას წამყვან თვლებზე არც უზარმაზარი ელექტროძრავები და არც დიდი მოცულობის ბატარეები აქვს. „ზენვოს“ ინჟინრებმა ელექტრო „დახმარება“ გადაცემათა კოლოფში გამოიყენეს. მათ ახალი უნიკალური, GT3 კლასის ბოლიდების მსგავსი, 7-სიჩქარიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი გამოიმუშავეს, რომელსაც 2 რეჟიმი აქვს: ქალაქის (Road) და სარბოლო(Race).
ქალაქის რეჟიმში ელექტრონული დახმარების მეშვეობით სარბოლო ტიპის გადაცემათა კოლოფის უხეშობას და ხმაურიანობას აკლებს. თუ უფრო სწრაფი და ზუსტი გადაცემები გინდათ, სარბოლო რეჟიმი ჩართეთ. გარდა ამისა, ჰიბრიდული აგრეგატი ცხენის ძალების მცირე ნამატს განაპირობებს, რომელიც ადგილიდან უფრო სწრაფი და თანაბარი დაძვრის საწინდარია.
ახალი Launch Control-ის სისტემის და 1177-ცხენისძალიანი ორკომპრესორიანი V8 ძრავის ერთობლივი დამსახურებით, ავტომობილი 0-100 კმ/სთ-ამდე 2,8 წამში ჩქარდება და 200 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 6,8 წამში აღწევს.
რაც უფრო მეტი კარბონის ელემენტია ავტომობილში, მით უკეთესია. კარბონისგან ახალი შასი დაამზადეს, ძარის პანელები და ძრავის სივრცე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი განახლება კარბონის ნაწრთობი დისკებია.

ახალი დისკები ჯამში 15 კილოგრამით ნაკლებს იწონის, ვიდრე ალუმინის ანალოგები. დისკების შექმნის პროცესი საკმაოდ რთული, შრომატევადი და ძვირიანი პროცედურაა. ერთი კომპლექტის შესაქმნელად ხელოსნებს ერთი თვე სჭირდებათ.
უნიკალური მექანიზმის მქონე უკანა ფრთა TSR-S-ს წინა მოდელისგან შერჩა. ფრთის დახრის კუთხის ცვლილებით „ზენვო“ უკანა თვლებზე ჰაერის ზეწოლას ანაწილებს, რათა ასფალტის საფართან მაქსიმალურ ჩაჭიდებას მიაღწიოს.
ახალი Zenvo-ს ფასი 1,45 მილიონი ევროდან იწყება და კომპანია წელიწადში მაქსიმუმ 5 ეგზემპლარის წარმოებას ვარაუდობს.
