მერსედესი, ფერარი, პორშე
Aa
Aa

ამერიკელმა ხელოვანმა კლასიკური მოდელები კომიქსის შავ-თეთრ ჩანახატებს დაამსგავსა

გამოფენაზე, სახელწოდებით „მთელი სიჩქარით: ჯოშუა ვიდესის ხელოვნება“ ამერიკელი ხელოვანი, ლოს-ანჯელესის პეტერსენის ავტომუზეუმში საავტომობილო კულტურისადმი მიძღვნილ თავის უახლეს შემოქმედებას წარადგენს. სათაური, წესით, ზუსტად უნდა ასახავდეს შინაარსს, თუმცა რეალურად ყველაფერი სულ სხვანაირად არის.


საქმე ისაა, რომ ვიდესის ხელოვნება სულაც არ ასახავს „მთელი სიჩქარით“ ქროლვას. ნაცვლად ამისა, ყველაფერი ისეა მოწყობილი, თითქოს გიგანტურ, რეალურ კომიქსის ჩანახატში აღმოჩნდით და გაოცდებით, როგორ მოახერხა ადამიანის ხელმა, შეექმნა რაღაც ამდენად უცნაური, უჩვეულო და, ამავდროულად, მშვენიერი...

პეტერსენის მუზეუმის განმარტებით, ვიდესი უდიდესი გულმოდგინებით ავლებს მკაფიო შავ ხაზებს სრულიად თეთრ ზედაპირებზე, რათა შექმნას მონოქრომული გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც კომიქსების ბრტყელ ჩანახატებს ჰგავს. 

გამოფენისთვის ვიდესმა, ცხრა დღე დახარჯა საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილი ხუთი ავტომობილის ხელით შესაღებად, რომელთა შორისაც Mercedes-ის, Porsche-სა და Ferrari-ის უბერებელ კლასიკურ მოდელებს შეხვდებით. მან მხოლოდ მანქანები კი არ შეღება, არამედ კედლები და სხვა დეტალებიც, რითაც არმანდ ჰამერის ფონდის გალერეა კომიქსების სტილის ავტოფარეხად აქცია. თუ გსურთ ნამდვილ, რეალურ კომიქსში შეაბიჯოთ, გაითვალისწინეთ, რომ გამოფენა მომდევნო წლის ივლისამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები