სიჩქარის რეკორდი, რეკორდი
Aa
Aa

20 წლის შემდეგ: JCB-მ და ენდი გრინმა ბონვილის ტბაზე ისტორია დაწერეს

ადამიანმა, რომელმაც ხმელეთზე ხმოვანი ბარიერი პირველმა გადალახა, 1 600 ცხენის ძალის მქონე წყალბადის „სტრიმლაინერით“ სრულიად ახალი სიჩქარის რეკორდი დაამყარა.

ენდი გრინმა, ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების (RAF) ყოფილმა პილოტმა, 1997 წელს Thrust SSC-ის მართვისას ხმელეთზე ხმოვანი ბარიერი დაახლოებით 1 228 კმ/სთ სიჩქარით დაამხო. ის დღემდე ერთადერთ ადამიანად რჩება, ვინც მსგავს შედეგს მიაღწია. ამჯერად კი გრინმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩაიწერა აქტივში და წყალბადზე მომუშავე JCB Hydromax-ით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. საინტერესოა, რომ მან SCTA-ს კლასის რეკორდის მოხსნა FIA-ს ოფიციალურ გარბენამდეც კი მოასწრო.

ასევე დაგაინტერესებთ: მანქანა, რომელმაც 5 000 000 კმ დაფარა - 10 გიჟური რეკორდი

ბონვილში გამართულ მთავარ მცდელობამდე, გრინმა სატესტო ფაზაში, SCTA-ს ფარგლებში, საშუალო სიჩქარე — 592.8 კმ/სთ — განავითარა. ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Hydromax-ს ბონვილის მარილის ტბაზე SCTA-ს Blown Gas Streamliner-ის (AA/BGS, 8.2 ლიტრზე მეტი მოცულობის) კლასის რეკორდი დაემყარებინა. ამით გრინმა და მისმა ავტომობილმა Spectre Streamliner-ის მიერ 2010 წელს დამყარებული ძველი რეკორდი (560.6 კმ/სთ) გააუმჯობესეს.

თუმცა მთავარი წინ იყო: ენდი გრინმა წყალბადის კატეგორიაში FIA-ს მსოფლიო რეკორდი ოფიციალურად მაშინ გაიფორმა, როდესაც ბონვილის ტბაზე მაქსიმალურ სიჩქარეს — 653 კმ/სთ-ს — მიაღწია. სიმბოლურია, რომ ეს მიღწევა გრინის მიერ, ზუსტად ოცი წლის წინ, დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილით დამყარებული მსოფლიო რეკორდის თარიღს ემთხვევა. მაშინ მან JCB Dieselmax-ით 563 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე განავითარა.

 

„დიზელზე მომუშავე ავტომობილის რეკორდიდან 20 წლის შემდეგ, წყალბადის ენერგიით მსოფლიო რეკორდის დამყარება უდიდესი პრივილეგიაა. ეს რეკორდი მსოფლიო დონის გუნდისა და ტექნოლოგიური განვითარების დამსახურებაა“, — აღნიშნა ენდი გრინმა.

 

ეს რეკორდი კი გრინის ისედაც შთამბეჭდავი ბიოგრაფიისთვის კიდევ ერთი მიღწევაა. როგორც გითხარით, 1997 წელს ნევადის ბლექ როკის უდაბნოში Thrust SSC-ის მართვისას 1 228 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარებით, ის გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ხმელეთზე ზებგერითი სიჩქარით იარა. Thrust SSC-ის ეს რეკორდი უკვე თითქმის 30 წელია, რაც ხელშეუხებელია.

ცნობისთვის, JCB-მ თავისი რეკორდსმენი Hydromax-ი საზოგადოებას პირველად 2026 წლის მაისში, კომპანიის სათავო ოფისში წარუდგინა. მას შემდეგ ავტომობილი არაერთხელ შემოწმდა და ყველაფერი 2026 წლის ზაფხულში ბონვილის ისტორიული გარბენებით დაგვირგვინდა.

653.4 კმ/სთ-იანი გარბენით Hydromax-მა გააცამტვერა რეკორდი, რომელიც BMW H2R-მა 2004 წელს 298.5 კმ/სთ სიჩქარით დაამყარა. საინტერესოა, რომ JCB-მ Hydromax-ში ორი წყალბადის „ექსკავატორის“ ძრავა გამოიყენა, რომელთა კომბინირებული სიმძლავრე 1 600 ცხენის ძალას აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები