სხვაობა ასობით დოლარია | Tesla Model S-ისა და S-Class-ის ხარჯების შედარება
Tesla Model S და Mercedes-Benz S-Class-ი, ორივე პრემიუმ კლასის საკმაოდ მძლავრი სედანია, თუმცა ამ ავტომობილებით ყოველდღიურად გადაადგილებისას, რიგითი მძღოლისთვის ხარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამის მიზეზი მარტივია — ერთი ელექტრომობილია და, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მუშაობს, მეორეს კი პრემიუმ ხარისხის საწვავი სჭირდება.
ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
იმ შემთხვევაში, თუ ორივე ავტომობილი თვეში დაახლოებით 1 000 მილს, შესაბამისად, 1 600 კილომეტრზე ოდნავ მეტს დაფარავს, საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით, ხარჯებს შორის სხვაობამ შესაძლოა ასობით დოლარი შეადგინოს.
შედარებისთვის:
2026 წლის Tesla Model S-ის საწყისი ფასი $94 990-ია. ამერიკული მოდელი ორი ელექტროძრავითა და სრულამძრავი სისტემითაა აღჭურვილი, კომბინირებული სიმძლავრე კი 670 ცხენის ძალას აღწევს. EPA-ს შეფასებით, ერთი სრული დამუხტვით ელექტრომობილი დაახლოებით 660 კილომეტრს გადის, ხოლო ყოველ 100 მილზე 27 კვტ⋅სთ-ს მოიხმარს.

რაც შეეხება 2026 წლის Mercedes-Benz S 500 4MATIC-ს, გერმანული მოდელის საწყისი ფასი დაახლოებით 120 000 აშშ დოლარია. ავტომობილი 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ტურბოძრავითა და mild-ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. შედეგად, სედანი 442 ცხენის ძალას და 560 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. EPA-ს მონაცემებით, საწვავის ხარჯი (კომბინირებულად, ტრასაზე/ქალაქში) 10.2 ლ/100 კმ-ს შეადგენს.
ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემი მაშინ ხდება, როდესაც ორივე ავტომობილის ყოველთვიურ ხარჯს შევადარებთ. ხარჯების განსხვავების უკეთ დასანახად, კვლევა აშშ-ის ოთხ შტატში — ფლორიდაში, კანზასში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში — ჩატარდა. შედეგები შემდეგნაირია:

ფლორიდაში Tesla Model S-ს თუ სახლში დამუხტავთ, თვეში $42 დაგიჯდებათ, ხოლო საჯარო სადგურებზე — $111. თუმცა, ეს არაფერია Mercedes-Benz S-Class-ის ხარჯთან შედარებით, რადგან იმავე მანძილზე ამ მოდელისთვის საჭირო პრემიუმ ბენზინის ღირებულება დაახლოებით $206 იქნება. შედეგად, საჯარო დასამუხტი სადგურების გამოყენების შემთხვევაშიც კი, Tesla სულ მცირე $95-ს დაგიზოგავთ. რაც შეეხება სხვა შტატებს, ასეთი შედეგები მივიღეთ:
კანზასი: Tesla — სახლში $41, საჯაროდ $83; Mercedes — $194 → სხვაობა საჯარო დამუხტვის შემთხვევაში $111.
ნიუ-იორკი: Tesla — სახლში $73, საჯაროდ $111; Mercedes — $222 → სხვაობა საჯარო დამუხტვის შემთხვევაში $111.
კალიფორნია: Tesla — სახლში $91, საჯაროდ $129; Mercedes — $264 → სხვაობა საჯარო დამუხტვის შემთხვევაში $135.

ამრიგად, კალიფორნიაში Tesla-ს სახლში დამუხტვისა და Mercedes-Benz-ში საწვავის ჩასხმის ხარჯებს შორის სხვაობა თვიურად დაახლოებით $173-ია, რაც წელიწადში $2 000-ზე მეტია.
მიუხედავად ამ შედარებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებლები მხოლოდ სავარაუდო გამოთვლებია და რეალური ხარჯი ელექტროენერგიის ტარიფზე, დასამუხტ სადგურზე, მართვის პირობებსა და სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. Tesla-ს სიიაფის მიუხედავადაც, ბევრ ავტომოყვარულ მძღოლს მაინც ბენზინის ძრავაზე მომუშავე გერმანული სედანი ურჩევნია.