თურქეთის პოლიციის „დუბაიზაცია“ | ავტოპარკს $3.5 მილიონის მანქანები შეემატა
თურქეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში 23 ერთეული ძვირად ღირებული ავტომობილი ამოიღო. მათი საერთო ღირებულება 3.5 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. როგორც ცნობილია, რეიდის დროს ჩამორთმეული ავტომობილები პოლიციის ავტოპარკს გადაეცა.

ოფიციალური უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტომობილები სტამბოლის პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ამოიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მათი გამოყენების უფლება პოლიციას გადაეცა. ჩამორთმეულ ავტომობილებს შორისაა Ferrari-ს, Bentley-სა და Porsche-ს მოდელები, ასევე Range Rover Sport, Mercedes-Benz GLS და Volkswagen Golf R-ი და ა.შ.
„დღეიდან, ეს ავტომობილები კრიმინალურ ორგანიზაციებს აღარ მოემსახურებიან. არამედ ისინი უკვე ჩვენი, პოლიციის განკარგულებაში და ქვეყნის სამსახურში იქნებიან“, — აცხადებენ უწყებაში.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომობილები ავსტრალიაში ძებნილი პირის, ჰაკან აიქის საქმესთანაა დაკავშირებული. აიქის, რომლის ქონებაც დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, ნარკოტრაფიკში მონაწილეობას ედავებიან.
იმ 23 ძვირად ღირებულ ავტომობილში, რომელიც ახლა უკვე პოლიციის განკარგულებაში იქნება, რამდენიმე ძვირად ღირებული SUV და მაღალი წარმადობის სპორტული მოდელებიც კია. მათ შორისაა Porsche Taycan-ი, Ferrari 458, Bentley Continental-ი, Range Rover Sport-ი, Mercedes-Benz GLS და Volkswagen Golf R-ი. თურქეთის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ რამდენიმე ქვეყნის პოლიციას ძვირად ღირებული ავტომობილებისგან დაკომპლექტებული ავტოპარკი უკვე ჰყავს.

მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ იტალიის პოლიცია Lamborghini-ს ორგანოების სწრაფად ტრანსპორტირებისთვის იყენებს, ხოლო ფლორიდის პოლიციის ავტოპარკში McLaren 720S-იც კი ირიცხება. თუმცა ყველაზე ცნობილი მაინც დუბაია, სადაც საპატრულო მანქანებს შორის Ferrari Purosangue-ისა და Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული Lamborghini Revuelto-საც შეხვდებით.
ამრიგად, თურქეთის პოლიციის ახალი, 23-ავტომობილიანი ფლოტი, რომლის ღირებულებაც $3.5 მილიონს აღწევს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ საპოლიციო ავტოპარკად შეიძლება ჩაითვალოს.