„დრიფტაობისთვის მართვის მოწმობა სამუდამოდ უნდა ჩამოერთვათ“ | მევლუდ მელაძე
„თუ რამე შეგვიძლია, მოდი ეს ვქნათ იქ, სადაც ამის საშუალება არის... მივიდეთ შეჯიბრზე და დავამტკიცოთ, რომ ვართ მაგარი, არ უნდა „ვიდრიფტაოთ“ ქუჩაში“, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს შესაბამისი ადგილები, სადაც მსურველებს „დრიფტაობა“ შეუძლიათ. როგორც მევლუდ მელაძე აღნიშნავს, ქუჩა ამისთვის შესაფერისი ადგილი არ არის, რადგან შესაძლოა, ამან ადამიანების სიცოცხლე შეიწიროს.
„თუ რამე შეგვიძლია, მოდი ეს ვქნათ იქ, სადაც ამის საშუალება არის... მივიდეთ შეჯიბრზე და დავამტკიცოთ, რომ ვართ მაგარი, არ უნდა „ვიდრიფტაოთ“ ქუჩაში. ჩვენ შესაძლოა, მართლა მაგრად ვმართავდეთ ავტომობილს, მაგრამ აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში, თუნდაც, უწყინარი დარღვევა ჩაიდინოს სხვამ, შესაძლოა, მივიდეთ ცუდ დასასრულამდე და უკან ვერასდროს გადავახვევთ.
ჩემი ოჯახის მაგალითიც კი ამისთვის საკმარისია, სწორ მონაკვეთზეც კი მაღალი სიჩქარე (არამც თუ „დრიფტი“) შესაძლოა, ბოლო აჩქარება იყო. ვთხოვ ახალგაზრდებს, რომ ეს ჟინი დაიკმაყოფილონ იქ, სადაც ეს დაშვებულია. ძალიან ბევრს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები იმ სივრცეში მოხვდნენ და იქ დაიხარჯონ. გთხოვთ, რომ არ ვაკეთოთ ეს ქუჩაში“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
მისივე თქმით, არაერთ ქვეყანაში ქუჩაში „დრიფტაობისთვის“ სადამსჯელო ღონისძიებად მიღებულია მართვის მოწმობის ჩამორთმევა, რისი შემოღებაც საქართველოშიც საჭიროა.
„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც კანონში წერია „დრიფტი“, რადგან სხვა ქვეყნებში სწავლება იწყება ბაღიდან. რა თქმა უნდა, ხდება მსგავსი დარღვევები სხვა ქვეყნებში, ადამიანური ფაქტორი ყველგან მუშაობს, მაგრამ ესე მასიურად არა როგორც ჩვენგან, მსგავსი დარღვევებისთვის ის სამუდამოდ ართმევენ მართვის მოწმობას, ასე რომ, როცა იცი, რომ ფსონს ყველაფერზე ან არაფერზე დებ, ერიდები „დრიფტს“.
ვფიქრობ, რომ მსგავსი დარღვევებისთვის ჩვენთანაც უნდა იყოს მართვის მოწმობის სამუდამოდ ჩამორთმევა. ისევ იქამდე მივდივართ, რომ მნიშვნელოვანი არის სწავლის ფაქტორი, ბაღიდან ადამიანებს უნდა გავაცნობიერებინოთ, რომ სასწორზე გვიდევს ჩვენი და სხვისი სიცოცხლე, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.