„შემოდგომისთვის ავტობაზარი შესაძლოა, განახევრდეს, ბევრი კომპანია დაიხურება“ | ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი
„ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ, საქართველოს სავტომობილო ბაზარზე არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა:
„ყოველთვის იყო ზაფხულის პერიოდი გამორჩეული ამ ბიზნესისთვის, შედარებით აქტიური, ვიდრე წლის სხვა პერიოდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ასე აღარ არის. პირველი ხუთი თვის მონაცემებით, შემცირებულია როგორც რეექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები. ვისთანაც უშუალოდ ვსაუბრობთ, ყველგან ერთი და იგივე განწყობაა. საქსტატის მონაცემები მინიმუმ ერთი თვით იგვიანებს, მაგრამ რაც დღეს ჩანს, კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. არავინ არის კმაყოფილი.
ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დადგნენ კომპანიები და ყველა გადარჩენას ცდილობს. დილერების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად, გაჩერებულია და გაურკვევლობის პირობებში მუშაობს...
...არ გამოვრიცხავთ, რომ დიდმა და საშუალო კომპანიებმა რეგიონებში არსებული ფილიალები დახურონ და მხოლოდ თბილისში გააგრძელონ საქმიანობა. ზოგი შესაძლოა, საერთოდაც გავიდეს ბაზრიდან“, — განაცხადა ნონიაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი აპრილიდან საქართველოში ავტომობილის განბაჟება გაძვირდა. ახალი კანონმდებლობით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
ამ კატეგორიაში, 2024-2025 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი ისედაც 1.5 ლარი იყო, თუმცა ცვლილება შეეხო 2020-2021-2022-2023 წლებში გამოშვებულ მანქანებს, რომელთა განბაჟების ტარიფიც 1 კუბურ სანტიმეტრზე 0.8-1.4 ლარის ფარგლებში მერყეობდა. რაც შეეხება, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათ შემთხვევაში განბაჟების საფასური 4.5 ლარი გახდა.
წყარო: BPN.Ge