Kia დაფრინავს! — კორეული ბრენდი აშშ-ის ბაზარზე საუკეთესო შედეგებს აფიქსირებს
როგორც ჩანს, კორეული ავტომწარმოებლები ახალ საფეხურზე ოფიციალურად გადავიდნენ, რადგან მიმდინარე წელს Kia-მ აშშ-ის ბაზარზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ბრენდმა ისტორიაში საუკეთესო ივნისი დააფიქსირა. წლის დასაწყისიდან დღემდე გაყიდულმა ავტომობილებმა 430 727 ერთეული შეადგინა, რაც პირველი ნახევრის გაყიდვების აბსოლუტური რეკორდია. ავტომწარმოებლისთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა საწვავის მაღალი ფასები, რის გამოც მომხმარებლებმა აქცენტი ჰიბრიდებზე გააკეთეს.
ეკოლოგიურად სუფთა მოდელების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 187%-ით გაიზარდა, რაც განპირობებული იყო დიდი მოთხოვნით Sportage Hybrid-ზე, Sorento Hybrid-სა და Carnival Hybrid-ზე. ციფრებს თუ გადავხედავთ, ივნისში ყველაზე გაყიდვადი მოდელი Sportage აღმოჩნდა. მას ბევრით არ ჩამორჩა განახლებული Telluride-იც, რომლის გაყიდვებმაც 23.7%-ით იმატა.

ელექტრომობილების მიმართულებით შედეგები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, რადგან EV6-ის გაყიდვები შემცირდა და მხოლოდ 584 ერთეული შეადგინა, ხოლო მეორე მხრივ, EV9-ის მაჩვენებელი 42.3 პროცენტით გაიზარდა და 1299 გაყიდულ ერთეულს მიაღწია. უფრო ფართო სურათს თუ შევხედავთ, წლის პირველ ექვს თვეში კია ბრენდმა 94 907 ერთეული Sportage გაყიდა. Telluride და K4 პრაქტიკულად თანაბარ პოზიციებზე არიან შესაბამისად 73 602 და 73 579 ერთეულით, მათ კი მოსდევს Sorento და Carnival-ი მოსდევენ.
მინივენის შემთხვევა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ივნისის გაყიდვები 34.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ ექვს თვეში ამ მოდელის მაჩვენებელმა 20.9 პროცენტით მოიმატა, რაც სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს და აჩვენებს, რომ ეს სეგმენტი კვლავ საკმაოდ მომგებიანია. ასევე აღსანიშნავია, რომ კორეულმა ავტომწარმოებელმა შეძლო Soul-ის წარმოებიდან ეტაპობრივად ამოღება გაყიდვების საერთო ვარდნის გარეშე, რაც პოზიტიური მოვლენაა.

Kia America-ს გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ უოტსონმა განაცხადა, რომ ეს შედეგები ნათლად ასახავს მათ უნარს, რეაგირება მოახდინონ ბაზრის ცვალებად მოთხოვნებზე და შოურუმებში შიგაწვის, ჰიბრიდული და ელექტრო მოდელების სწორი ბალანსი შესთავაზონ მომხმარებელს. მისივე თქმით, წლის მეორე ნახევარში ისინი ამ ტემპის შენარჩუნებას ელიან, რასაც ხელს შეუწყობს დიდი მოლოდინი სრულიად ახალ Seltos-ზე, რომლის მასშტაბური გაყიდვები ქვეყნის მასშტაბით ივლისში დაიწყება.